აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ ამერიკულ ავიაკომპანიებს სახელმწიფოს დახმარება არ დასჭირდებათ, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ავიაცია ახალი ტიპის კორონავირუსმა (COVID-19) ფინანსურად ძალიან აზარალა. აღნიშნული განცხადება აშშ-ს პრეზიდენტმა უმსხვილეს ავიაგადამზიდავებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
“არ დასვათ ეს კითხვა, რადგანაც მათ მსგავსი რამ არ უთხოვიათ. ნუ მიაწვდით მათ ამ იდეას”, – აღნიშნა ტრამპმა თანამოსაუბრეებთან.
“ჩვენ ეს ჯერ არ განგვიხილავს. ვიმედოვნოთ, რომ ეს არც დაგვჭირდება”, განაცხადა პრეზიდენტმა, რომელსაც მხედველობაში ავიაკომპანიების ფინანსური დახმარება ჰქონდა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკელებს ქვეყნის შიგნით ფრენების არ უნდა ეშინოდეთ, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში COVID-19-ის რამდენიმე შემთხვევა უკვე დაფიქსირდა.
“დიახ, აბსოლუტურად უსაფრთხოა”, – განაცხადა ტრამპმა, როდესაც მას კითხეს, რამდენად უსაფრთხოა ქვეყნის შიგნით საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილება. მანვე დასძინა, რომ ავიაკომპანიები გაგებით მოეკიდებიან ფრენების გაუქმებისთვის კომპენსაციის გაცემის საკითხს, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი მათ გამო არ გადადებულა.