ჯანდაცვის სამინისტრო იტალიიდან ფრენების შეწყვეტის რეკომენდაციას ამ ეტაპზე არ იძლევა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სისტემა არსებულ ვითარებას სრულად აკონტროლებს და, შესაბამისად, ამ ეტაპზე ასეთი ზომების აუცილებლობა არ არსებობს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე 29 თებერვალს, მეოთხე კი 5 მარტს დადასტურდა.

4 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ ვირუსით იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დაინფიცირდა. ბოლო მონაცემებით, COVID-19-ს მსოფლიოს მასშტაბით 3220 ადამიანი ემსხვერპლა, 51,193 კი გამოჯანრთელდა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

წყარო: imedinews