საერთაშორისო საკურიერო კომპანია DHL Express-მა სიეტლში ბაზირებულ მწარმოებელ Eviation-ს 12 სრულად ელექტრო სატვირთო საჰაერო ხომალდი შეუკვეთა.
როგორც Eviation-ში აცხადებენ, ელექტრო სატვირთო ხომალდი 815 კილომეტრზე ფრენას და 1200 კილოგრამი ტვირთის გადატანას შეძლებს. ფრენის თითოეულ საათზე ელექტრო სატვირთო თვითმფრინავს ნახევარი საათით დამუხტვა დასჭირდება.
ამასთანავე, ელექტრო სატვირთო ხომალდს ექნება შესაძლებლობა, დაიმუხტოს ჩატვირთვისა და ჩამოტვირთვის პროცესში, რაც DHL Express-ს ოპერატიულობას შეუნარჩუნებს.
„ჩვენ მტკიცედ გვჯერა მომავლის, ნულოვანი ემისიებით ლოჯისტიკაში. სუფთა ლოგისტიკურ ოპერაციებს და ტრანსპორტის ყველა სახეობის ელექტრიფიკაციას უზარმაზარი როლი ენიჭება და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენს საერთო მდგრად მიზანში, რაც ნულოვან ემისიებს გულისხმობს“, – განაცხადა DHL Express-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ პეარსონმა.
Eviation-ი ვარაუდობს, რომ Alice ტიპის ელექტრო სატვირთო საჰაერო ხომალდს DHL Express-ს 2024 წელს მიაწვდის.