დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულ ავიასპეციალისტის მოქმედ მოწმობას 83 ქალი ფლობს. მათ შორის არიან: ქალი პილოტი – 3, ქალი ავიამეთვალყურე – 11 და ქალი ბორტგამყოლი – 69. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ფრენის უსაფრთხოების 33 ინსპექტორს შორის 9 ქალია.
ცნობისთვის, შარშან ამ დროს ავიასპეციალისტის მოქმედ მოწმობას 62 ქალი ფლობდა. მათ შორის იყვნენ: ქალი პილოტი -1, ქალი ავიამეთვალყურე -10 და ქალი ბორტგამყოლი – 51.
სამოქალაქო ავიაციის სფეროში, ქალები დასაქმებულნი არიან ადმინისტრაციულ, ტექნიკურ და აღმასრულებელ პოზიციებზე, თუმცა მათი რიცხვი როგორც საქართველოში ისე მთელ მსოფლიოში კვლავ ძალიან მცირეა. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მონაცემებით, 2034 წლისთვის საჰაერო მიმოსვლის გაორმაგებაა მოსალოდნელი. ავიასპეციალისტების დეფიციტურობის გათვალისწინებით, ICAO სხვა წამყვან საავიაციო ორგანიზაციებთან, წევრ სახელმწიფოებთან, კერძო სექტორთან და სასწავლო დაწესებულებებთან ერთად გლობალურ სტრატეგიაზე მუშაობს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ავიაციის სფეროში გენდერული თანასწორობის, ქალთა თანასწორუფლებიანი მონაწილეობისა და შესაძლებლობების რეალიზაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. გლობალური პროგრამის ფარგლებში ICAO მოუწოდებს ქვეყნებს და ინდუსტრიას აწარმოონ შემეცნების ასამაღლებელი კამპანიები ქალებში ავიაციისა და STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, საინჟინრო საქმე, მათემატიკა) განათლების მნიშვნელობის პოპულარიზაციის მიზნით.