ავიაკომპანია Myway Airline-ი ფასდაკლების აქციების სერიებს იწყებს. ავიაკომპანიის მიერ დაანონსებული აქციის მიხედვით, დღეს აქცია თბილისი-თელ ავივის მიმართულებაზე გავრცელდება და ერთი გზის ღირებულება 169 ლარიდან იქნება, ხოლო ორი გზის ფასი – 352 ლარიდან.

ტარიფი მოიცავს აეროპორტის მოსაკრებელს, ხელბარგს, 35 კგ ჩასაბარებელ ბარგს და ასევე კვებას.

Myway Airline-ის ინფორმაციით, აქციის ფარგლებში შეძენილი ბილეთებით მგზავრობა თბილისი-თელ ავივის რეისზე 9 ან 10 სექტემბერს უნდა დაიგეგმოს, ხოლო უკანა გზის არჩევა თავისუფალი თარიღით შეიძლება.

როგორც ცნობილია, ზამთრის სანავიგაციო პერიოდში, თელ-ავივის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ზრდის. 31 ოქტომბრიდან Myway Airlines-ი თბილისი-თელ-ავივი-თბილისის მიმართულებით კვირაში 3 სიხშირის ნაცვლად, 4 სიხშირით იფრენს.

Myway Airlines-ში განმარტავენ, რომ ფრენები ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და კვირას შესრულდება.

შეგახსენებთ, რომ Myway Airlines-მა თბილისი-თელ-ავივი-თბილისის მარშრუტზე ოპერირება 26 ივნისიდან დაიწყო.