დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას კოვიდსერტიფიკატებზე მოლდოვას, საქართველოს და სერბეთისთვის, რაც ნიშნავს, რომ მათი მოქალაქეებისთვის მოგზაურობა უფრო მარტივი იქნება, – ამის შესახებ სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის ფარგლებში განაცხადა.

ევროკომისრის თქმით, ახალი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებისთვის მოგზაურობა უფრო გამარტივდება.

„გვაქვს კარგი ამბავი კოვიდკრიზისთან ბრძოლის კუთხით, რადგან დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას კოვიდსერტიფიკატებზე მოლდოვის, საქართველოს და სერბეთისთვის, რაც ნიშნავს, რომ მოგზაურობა იქნება უფრო მარტივი მათი მოქალაქეებისთვის, მაგრამ ასევე ეს ნიშნავს, რომ ევროპელ მოქალაქეებსაც შეეძლებათ მოგზაურობა. ჩვენ მზად ვართ ბელარუსი ხალხის დასახმარებლად კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში“, – განაცხადა ევროკომისარმა.

ევროკავშირის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ 15 დეკემბრისთვის დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორების სამიტზე ევროკავშირის ეკონომიური დახმარების პაკეტს წარადგენს.

„დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ასევე უკავშირდება აღმოსავლელ პარტნიორებს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ 15 დეკემბრისთვის დაგეგმილ სამიტზე გვექნება მნიშვნელოვანი პაკეტი, რომ ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ აღდგენას კოვიდკრიზისის შემდეგ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. მაგრამ ამოცანა არის რეფორმები, კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, კანონის უზენაესობის ხელშეწყობა“, – აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.

ევროკომისრის განცხადებით, საგარეო საქმეთა საბჭოზე განიხილავენ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობებს და პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე არსებულ ვითარებას.

„დღეს ბრიუსელში დატვირთული დღეა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ვისაუბრებთ დასავლეთ ბალკანელებთან ჩვენს ურთიერთობებზე, არა მხოლოდ გაფართოების კუთხით, არამედ იმაზეც, როგორ მოხდეს მათი ასოცირება ჩვენი საგარეო პოლიტიკის ამოცანებთან უფრო მეტად. უნდა გავაგრძელოთ გაფართოების პოლიტიკა, რომელიც არის ჩვენი უძლიერესი ინსტრუმენტი. ამ მიზეზით, ბულგარეთში და ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩატარებული არჩევნების შემდეგ ვიმედოვნებთ, რომ ვნახავთ სწრაფ პროგრესს ადგილზე. ჩვენი მხრივ, ჩვენ მზად ვართ სწრაფად მუშაობისთვის და იმისთვის, რომ გვქონდეს პირველი მთავრობათაშორისი კონფერენცია ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ალბანეთთან ჯერ კიდევ წელს. ასევე, კიდევ ერთი პოლიტიკური ინსტრუმენტი, რაც ჩვენ გვაქვს, არის ეკონომიკური ინვესტირების გეგმა დასავლეთ ბალკანელებთან. რა თქმა უნდა, სამიტი დიდწილად უკავშირდება ბელარუსს და ჩვენ ამ საკითხში პოლონეთის გვერდით ვდგავართ. ჩვენ ვგმობთ მიგრანტების იარაღად გამოყენებას ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების წინააღმდეგ. ეს არის ყველა ჩვენგანზე თავდასხმა. ბელარუსის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს დეესკალაციისთვის. ჩვენი მხრივ, დღეს ჩვენ ვგეგმავთ დამატებითი ზომების მიღებას ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ, რომ ჩვენი პოზიცია ნათელი იყოს“, – განაცხადა ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ.

წყარო: 1TV.GE