სატრანსპორტო პილოტთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFALPA) ინიციატივით, 26 აპრილს მფრინავთა მსოფლიო დღე აღნიშნება.
როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მფრინავები უზრუნველყოფენ საჰაერო ხომალდის მართვას და პასუხისმგებელნი არიან ბორტზე მყოფი მგზავრების, ეკიპაჟის წევრების, საჰაერო ხომალდის და ტვირთის უსაფრთხოებაზე. საჰაერო ხომალდის მართვის დროს, მფრინავები უზრუნველყოფენ შემოწმების კითხვარების დეტალურ შესრულებას, აკონტროლებენ საჰაერო ხომალდის ფრენის ტრაექტორიას, ასრულებენ დადგენილ მანევრებს, ზედმიწევნით იცავენ საექსპლუატაციო მოთხოვნებს, ამყარებენ ორმხრივ რადიოკავშირს სამეთვალყურეო და სხვა სამსახურებთან.
„პილოტი, რომელიც ასრულებს საჰაერო ხომალდის მეთაურის მოვალეობებს არის მთავარი პასუხისმგებელი პირი საჰაერო ხომალდის მართვაზე და ფრენის უსაფრთხოდ შესრულებაზე. ყოველი გაფრენის წინ, საჰაერო ხომალდის მეთაური ახორციელებს გაფრენისწინა შემოწმებას, რათა დარწმუნდეს, რომ საჰაერო ხომალდი საფრენად ვარგისია და ტექნიკურად შემოწმებულია, ადგილზეა ყველა საჭირო ხელსაწყო, აღჭურვილობა და დოკუმენტაცია, მასა და გაწონასწორება შესაძლებლობას იძლევა მოსალოდნელ პირობებში ფრენა შესრულდეს უსაფრთხოდ, ბორტზე ნებისმიერი ტვირთი სწორად არის განაწილებული, საიმედოდაა დამაგრებული და ა.შ.
მფრინავის რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობის განხორციელება მხოლოდ შესაბამისი მომზადების გავლის შემდეგაა შესაძლებელი. საერთაშორისო სტანდარტების და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, მფრინავებს უნდა ჰქონდეთ კონკრეტული ტიპის საჰაერო ხომალდზე ფრენისთვის საჭირო კვალიფიკაცია და გამოცდილება. საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების მომზადების პროგრამა მოიცავს პირველად, განმეორებით მომზადებას და დამოუკიდებელი ფრენების დაწყებამდე – საჰაერო ხომალდის ტიპზე გადამზადებას.
საქართველოში ავიასპეციალისტთა სავალდებულო სერტიფიცირებას და მათ საქმიანობაზე მუდმივ ზედამხედველობას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ახორციელებს. საერთაშორისო და ადგილობრივი საავიაციო კანონმდებლობის თანახმად, პირები, ვინც საფრენოსნო შემადგენლობის პროფესიულ საქმიანობაზე და კვალიფიკაციის შენარჩუნებაზე ახორციელებენ ზედამხედველობას თავადაც უნდა აკმაყოფილებდნენ მკაცრ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. შესაბამისად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შესაბამის სპეციალისტებს მიღებული აქვთ განათლება საჰაერო ტრანსპორტის საფრენოსნო ექსპლუატაციის სპეციალიზაციით და აქვთ საფრენოსნო მუშაობის საჭირო გამოცდილება.
თვითმფრინავის პილოტ-ინსპექტორი ახორციელებს საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიების მიერ ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდების მარშრუტზე ინსპექტირებას, საწაფზე პილოტების საკვალიფიკაციო შემოწმებას, პილოტ ინსტრუქტორებისთვის კვალიფიკაციის და ავტორიზაციის მინიჭების პროცესის წარმართვას და ზედამხედველობას, სადემონსტრაციო ფრენის ინსპექტირებას და ა.შ..
დღეის მდგომარეობით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულია და მფრინავის მოქმედი მოწმობა გააჩნია 203 პილოტს. მათ შორის არიან:
• ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტები (ATPL) – 112 (როგორც თვითმფრინავების, ისე შვეულმფრენების პილოტები);
• კომერციული პილოტები (CPL) – 69 (როგორც თვითმფრინავების, ისე შვეულმფრენების პილოტები);
• მოყვარული პილოტები (PPL) – 16;
• თავისუფალი აეროსტატის პილოტები (BPL) – 6.
ძვირფასო მფრინავებო მადლობას გიხდით გაწეული სამსახურისა და პროფესიონალიზმისთვის. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო გილოცავთ მფრინავთა მსოფლიო დღეს!“, – აღნიშნულია GCAA-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.