საკონსულტაციო კომპანია Brand Finance-ის 2026 წლის მონაცემებით, მსოფლიოს 50 უმსხვილესი ავიაკომპანიის ბრენდების ჯამური ღირებულება 11%-ით გაიზარდა და 147 მილიარდ დოლარს მიაღწია. ექსპერტები ამ ზრდას საერთაშორისო მგზავრობაზე მაღალ მოთხოვნასა და პრემიუმ სერვისებში განხორციელებულ ინვესტიციებს უკავშირებენ. დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ბრენდის სიძლიერესა და ფასს განსაზღვრავს არა მხოლოდ ფლოტის ზომა, არამედ ის, თუ რამდენად ეფექტურად უმკლავდება კომპანია გაურკვევლობასა და ფასების მერყეობას.
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული საავიაციო ბრენდის სტატუსს კვლავ Delta Air Lines ინარჩუნებს, რომლის ღირებულებაც გასულ წელთან შედარებით 25%-ით გაიზარდა და 18,6 მილიარდი დოლარი შეადგინა. კომპანიის ლიდერობა განპირობებულია სტაბილური ოპერაციული მაჩვენებლებით, რეისების პუნქტუალურობითა და მომხმარებელთა მაღალი ერთგულებით. რეიტინგში მეორე ადგილს United Airlines იკავებს 13,1 მილიარდი დოლარით, ხოლო მესამეზე Emirates განთავსდა 10,6 მილიარდი დოლარით, რაც მას ჩრდილოეთ ამერიკის გარეთ არსებულ ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდად აქცევს.
ყველაზე სწრაფად მზარდ ავიაბრენდად Vietjet Air დასახელდა, რომლის ღირებულებაც 117%-ით გაიზარდა. ეს წარმატება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში აგრესიულმა ექსპანსიამ და დამატებითი მომსახურებებიდან მიღებულმა მაღალმა შემოსავლებმა განაპირობა. რაც შეეხება ბრენდის სიძლიერეს, რომელიც მომხმარებელთა აღქმითა და რეპუტაციით იზომება, აქ პირველ ადგილზე All Nippon Airways (ANA) გავიდა. იაპონური ავიაკომპანია კონკურენტებს უსწრებს რეკომენდაციების, ემოციური კავშირისა და პრეფერენციების მაჩვენებლებით.
ცვლილებებია აეროპორტების რეიტინგშიც: პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტმა ლონდონის ჰითროუს გადაასწრო და ყველაზე ძვირადღირებული აეროპორტის ბრენდი გახდა 1 მილიარდი დოლარის ღირებულებით. ბრენდის სიძლიერის მიხედვით კი ლიდერობას კვლავ სინგაპურის ჩანგის აეროპორტი ინარჩუნებს, რაც მგზავრთა რეკორდული ნაკადითა და მომსახურების უმაღლესი ხარისხითაა განპირობებული.












