კომპანიის გადმოსახედიდან პირდაპირ ვამბობ, რომ მზად ვართ ნებისმიერ სტრუქტურასთან თანამშრომლობისთვის, აცხადებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე თბილისის ახალ აეროპორტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი ამბობს, რომ TAV-ი მზადაა, საკუთარი გამოცდილებით ჩაერთოს პროექტში.
„2027 წლამდე სახელმწიფოსთან TAV Georgia-ს აქვს კონტრაქტი. 2027 წლის თებერვლამდე – თბილისში და 2027 წლის მაისამდე – ბათუმში. ეს არის რეალობა, რაც დღეს გაქვს. იცით, რომ 1 წლის წინ ჩვენ ვიმუშავეთ მასტერპლანებზე, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში. ეს მასტერპლანი თბილისის შემთხვევაში წარდგენილია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის. ეს მასტერპლანი მოიაზრებდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებას არსებულ ლოკაციაზე. თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აუცილებლად სჭირდება გაფართოება. იცით, რომ შენობა 2005 წელს აშენდა და გათვლილი იყო 3 მლნ მგზავრზე. შემდეგ აშენდა მოფრენის ტერმინალი და ჯამურად, ორივე ნაგებობა 4-4,5 მლნ მგზავრზეა გათვლილი. წელს ფაქტობრივად ვუახლოვდებით ამ მაჩვენებელს, 2024 წელს 4 მლნ-ს გადასცდება. სასწრაფოდ არის დასაწყები და დასასრულებელი ეს თემა. მე პირადად, თეა ზაქარაძე, ჩემი გამოცდილებით, ჩემი სუბიექტური აზრით, მივესალმები ნებისმიერ ახალ პროექტს. კომპანიის გადმოსახედიდან პირდაპირ ვამბობ, რომ ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ სტრუქტურასთან თანამშრომლობისთვის. ვაზიანის პროექტი არის ძალიან მასშტაბური, ძალიან დიდი და საინტერესო პროექტი. დეტალები არ ვიცი და დეტალებზე სახელმწიფოსთან არასოდეს საუბარი არ გვქონია, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვმუშაობთ ამ პროექტზე. მაგრამ ვიცით, რომ როდესაც მორჩება შესწავლა და როცა სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ აეროპორტი განვითარდება იქ თუ განვითარდება აქ, რა თქმა უნდა, ჩვენ, ჩვენი გამოცდილებით ჩავერთვებით ამ თემაში. ბოლო 18 წელია, ჩვენ ვმართავთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს და შესაბამისად, ნებისმიერი ახალი ინფრასტრუქტურა, თუ ნებისმიერი ახალი ნაგებობა და, რაღა თქმა უნდა, ახალი აეროპორტი, მოითხოვს იმ კომპანიის ჩართულობას, რომელმაც ბოლო თითქმის 20 წლის განმავლობაში მართა და არა მხოლოდ მართა, არამედ ააშენა ეს აეროპორტი. ჩვენ ნამდვილად მივესალმებით, რადგანაც საქართველოს ნამდვილად სჭირდება ახალი აეროპორტი, დედაქალაქს ნამდვილად სჭირდება ახალი ინფრასტრუქტურა“, – აცხადებს თეა ზაქარაძე.