CNN COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ საქართველოს წარმატებული ბრძოლის მეთოდებით დაინტერესდა: საკარანტინო ზონები, უსაფრთხოების ზომები, რეგულაციები, კერძო სექტორის ჩართულობა და პოსტპანდემიურ პერიოდში მთელ მსოფლიოში საქართველოს ერთ-ერთ უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად დასახელება, ამ და სხვა თემების შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა CNN-ის პოპულარული ბიზნესგადაცემაში Quest Means Business ისაუბრა.  მარიამ ქვრივიშვილთან ინტერვიუს დროს რიჩარდ ქუესთის თანაწამყვანი ზეინ აშერი საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის გახსნის დეტალებით დაინტერესდა.  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა  ხაზი გაუსვა საზღვრების ფრთხილ, ეტაპობრივ გახსნას და უსაფრთხოების დაცვას, რათა ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პრევენცია მოხდეს. 

“პირველ რიგში გეტყვით, რომ საქართველომ შეძლო წარმატებული ისტორიების დემონსტრირება, თუ როგორ ებრძოდა პანდემიას. ეს ფაქტი შეძლებს  თითოეული მოგზაურის და ჩვენი მოქალაქის დარწმუნებას, რომ უდიდესი სიფრთხილით ვიცავდით და ვაგრძელებთ დავიცვათ მათი უსაფრთხოება. ტურიზმს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს ეკონომიკაში, მხოლოდ 2019 წელს საქართველოში 9 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა, მაშინ როცა ჩვენი მოსახლეობა 3.7 მილიონს შეადგენს. საქართველოს მიზანია დარჩეს უსაფრთხო მიმართულებად და ამ მიზნით ყველაფერს ვაკეთებთ. ეს გულისხმობს ეტაპობრივად, სიფრთხილით საზღვრების გახსნას იმ ქვეყნებთან სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში შევძლებთ ქვეყნების სიის გაფართოვებას როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასტაბილურდება მთელ მსოფლიოში”, -აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

გადაცემაში მარიამ ქვრივიშვილმა კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ისაუბრა რეგულაციების შემუშავებისა და აღსრულების კუთხით. 

“საქართველოს მთავრობამ უსაფრთხოების ზომები მიიღო და ჯანდაცვის პროტოკოლები დანერგა. გაზრდილია ტესტირების რაოდენობა. ჩვენი  საერთაშორისო აეროპორტები აღჭურვილია  საერთაშორისო სტანდარტებით. კერძო სექტორი სრულად მზად არის უმასპინძლოს საერთაშორისო მოგზაურებს.

მინდა  ხაზი გავუსვა, ჩვენი კერძო სექტორის მნიშვნელოვან ჩართულობას, რომელიც COVID-19-თანბრძოლაში ფრონტის წინა ხაზზე ემსახურებოდა ქვეყანას. საქართველოს  მთავრობას ძალიან მჭიდრო, აქტიური თანამშრომლობა ჰქონდა და აქვს კერძო სექტორთან, განსაკუთრებით რთულ პერიოდში. ჩვენ  პანდემიის დროს, ასზე მეტი სასტუმრო ვიქირავეთ და საკარანტინო სივრცეებად გამოვიყენეთ.  დღეს ეს პროექტი საერთაშორისო არეალზე დაპოზიციონირებულია და ყველასთვის ცნობილია, როგორც „საქართველოს 5 ვარსკვლავიანი კარანტინი“.  ჩვენმა კერძო სექტორმა ამ პროექტში ჩართულობით უდიდესი გამოცდილება დააგროვა პროტოკოლების დანერგვით და შესაბამისი აღსრულებით, ეს არის არა მხოლოდ სოციალური დისტანცია, არამედ ყველა ის საოპერაციო წესი, რაც  უზრუნველყოფს, როგორც შიდა ასევე საერთაშორისო ტურისტების უსაფრთხო მასპინძლობას.“-  განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

https://www.youtube.com/watch?feature=youtu.be&v=TlzJJmsXtJM&fbclid=IwAR34ZbewVNgTUhmjqXUJfTh_dm8nxdSBbNm8vBIFUwLonOchQ2jlE5EbWGU&app=desktop