საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ახლად დანიშნული დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლებს შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო. ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, მთავარი მიზანი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გაძლიერებაა, რომელიც განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართული საავიაციო ინდუსტრიის განვითარებას, როგორც კომერციულად მომგებიანი ბიზნესის და რა თქმა უნდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, რომელსაც დიდი პოტენციალი და მომავალი გააჩნია.
„ის, რომ დანიშვნიდან მეორე დღეს ქუთაისის აეროპორტში ვიმყოფები მენეჯმენტთან და ყველა ჩემს თანამშრომელთან ერთად, იმის უსვამს ხაზს, თუ რამდენად პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია ჩვენთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარება. ადგილზე შევხვდი ჩვენს თანამშრომლებს, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს, რომლებიც დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ოპერირებენ. ჩვენი მთავარი მიზანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გახდეს წამყვანი რეგიონის ეკონომიკაში, იყოს არამხოლოდ აეროპორტი არამედ, დიდი ეკონომიკური ფონის შემქმნელი. მიზანი რა თქმა უნდა, მთელ ქვეყანაზე ვრცელდება, რომ ავიაცია უნდა იყოს და არის კიდეც, ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების და განვითარების ერთ-ერთი წამყვანი დარგი. ამ მიზნის განვითარებას და აღსრულებას ჩვენ ვიწყებთ ქუთაისიდან,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ ირაკლი ქარქაშაძე ქუთაისის აეროპორტში მოქმედ მსხვილი ობიექტების წარმომადგენლებსა და კონტრაქტორებს შეხვდა. ირაკლი ქარქაშაძეს მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი, მათ შორის ავიაციის სფეროში მუშაობის შვიდ წელზე მეტი პრაქტიკული გამოცდილება აქვს. მას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორად დანიშვნამდე, ქუთაისის მერის მოადგილის პოზიცია ეკავა.