„ნაყოფიერი საუბარი გვქონდა ჩვენს სტრატეგიულ ავიაკომპანია Wizz Air-თან. ჩვენ ხელს შევუწყობთ ავიაკომპანიას, რათა გააძლიეროს წარმომადგენლობა ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში და გვქონდეს მეტი პირდაპირი მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან. ამით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ისევე როგორც ტურისტები უფრო კომფორტულად შეძლებენ, იმოგზაურონ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ავიაკომპანია Wizz Air-ის კომერციულ დირექტორთან ჯორჯ მიხალოპულოსთან და ამავე კომპანიის აეროპორტების განვითარების მენეჯერთან ვიქტორია სულესთან ონლაინ შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი თამარ არჩუაძე.
მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ონლაინ შეხვედრაზე საუბარი წარიმართა უნგრულ ავიაკომპანიასთან გრძელვადიან თანამშრომლობაზე. „ჩვენი მთავარი ამოცანაა, სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, მოკლე ვადებში დავაბრუნოთ Wizz Air-ის ბაზა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რაც გამოიწვევს იმერეთის მხარის ტურისტული მიმართულების გაძლიერებას, ასევე ხელს შეუწყობს ჩვენი ტურიზმისა და ავიაციის სწრაფად აღდგენას,” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.