ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის თანამდებობაზე თანამ თამარ არჩუაძე წარადგინა. ახალი დირექტორი კომპანიის თანამშრომლებს ნათია თურნავამ პირადად გააცნო.

“ვუერთდები გამოცდილ პროფესიონალთა გუნდს. ვთვლი, რომ შევძლებ შევმატო მათ ის გამოცდილება და უნარ-ჩვევები, რაც დავაგროვე ბოლო 20 წლის განმავლობაში ავიაციის სექტორში მუშაობით. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება – ვიყოთ მგზავრზე ორიენტირებული, გავაუმჯობესოთ ჩვენი სერვისები და გავხდეთ რეგიონში საუკეთესო,-‘’განაცხადა წარდგენისას თამარ არჩუაძემ.

38 წლის თამარ არჩუაძეს ავიაციის მიმართულებით 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. ის 6 წლის განმავლობაში საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. წლების განმავლობაში იყო უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის ეროვნული კოორდინატორი. თამარ არჩუაძე სპეციალობით არის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობებისა და საჰაერო ტრანსპორტის მენეჯერი. გავლილი აქვს აშშ-ს ვაჭრობის სამინისტროს სპეციალური ამერიკული ბიზნეს სტაჟირების პროგრამა (SABIT) აეროპორტების განვითარების მიმართლებით. ასევე, აშშ-ს არმიის ინჟინერთა კორპუსის კურსი მშენებლობის ხარისხის მენეჯმენტსა და უსაფრთხოების პროგრამის მენეჯმენტში. არის კომპანია „Boeing“-ის სტიპენდიანტი.