ავიაკომპანია Georgian Airways-ის დამფუძნებლის თამაზ გაიაშვილის განმარტებით, ავიაკომპანიას რუსულ მხარესთან ჯერჯერობით არანაირი მოლაპარაკებები და დეტალების შეთანხმება არ დაუწყია. როგორც გაიაშვილი აცხადებს, რეისების დასაგეგმად გარკვეული პროცედურების გავლაა საჭირო.
„ჯერჯერობით არანაირი მოლაპარაკებები არ დაგვიწყია. თუმცა მივესალმები სავიზო რეჟიმის გაუქმების და პირდაპირი ავიარეისების აღდგენის გადაწყვეტილებას. ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენი მთავრობაც პოზიტიურად არის განწყობილი. ბოლოს და ბოლოს ეროვნული მთავრობაა, რომელსაც ეროვნული ინტერესები აქვს. დაველოდები მოვლენების განვითარებას, რადგანაც ბევრი რამეა კიდე საჭირო. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ ერთ დღეში რეისი არ იწყება და რეისის დაგეგმვა შეუძლებელია“, – აცხადებს თამაზ გაიაშვილი.
როგორც რუსული მედია წერს, რუსულმა ავიაკომპანიებმა საქართველოს მიმართულებებზე განრიგების შედგენა უკვე დაიწყეს, თუმცა გაიაშვილი Georgian Airways-ის მაგალითზე აცხადებს, რომ კომპანიას ფრენების დასაწყებად მომზადება სჭირდება, რადგანაც რეისების დაგეგმვა ერთ დღეში არ ხდება.
„რუსული მხარე შესაძლოა მომზადებულია, მაგრამ მე მომზადებული ჯერ არ ვარ. მომავალ კვირაში ავიაკომპანიაში თათბირი ჩატარდება, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებებს მივიღებთ. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რასაკვირველია. ჯერ ერთი ეს ჩვენს ხალხს დაეხმარება. ვინმემ გამაგებინოს რატომ უნდა იარონ ერევნის, ბაქოს, თურქეთის გავლით? ვინმემ თქვას თუ შეიძლება რუსეთში წასვლა ველოსიპედით, მანქანით და ტრაქტორით, თვითმფრინავით რატომ არ შეიძლება? თუ დემოკრატიაა მივცეთ ხალხს არჩევანი“, – აცხადებს თამაზ გაიაშვილი.