რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთისა და ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბის მშენებლობაში ჩასართავად ჩინეთიდან შესრულებული რეისებით ჩამოსული 270-მდე პერსონალი 14 დღიან კარანტინს მოქმედი რეგულაციების დაცვით გადის. მათი გადაყვანა სპეციალურად მომზადებულ საკარანტინე ზონებში კონტრაქტორმა კომპანიამ უზრუნველყო.
ჩამოსული პერსონალის 270-ივე წევრს საკარანტინე ზონაში ჩაუტარდა PCR ტესტი და პირელადი მონაცემებით კორონავირუსი არცეთს არ დაუდასტურდა. 14 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, საკარანტინე სივრცის დატოვებამდე, პერსონალი განმეორებით გაივლის ტესტირებას და ექიმის დასკვნის საფუძველზე ჩაერთვება მიმდინარე სამუშაოებში.
საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ხელშეწყობით, ინფრასტრუქტურულ პროექტების განმახორციელებელმა ჩინურმა კომპანიებმა, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციების გათვალისწინებით, უსაფრთოხებისთვის საჭირო დაცვითი სამოქმედო გეგმა წინასწარ განსაზღვრეს.
მიუხედავად იმისა, რომ გლობალური პანდემიის პირობებში საქართველოში სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები არ შეჩერებულა, ზოგიერთი მათგანის ტემპი სპეციალური კვალიფიკაციის მქონე მუშახელის არასაკმარისი რაოდენობის გამო მნიშვნელოვნად შეფერხდა. სამუშაოს უფრო ეფექტურად წარმართვისთვის და მეტი პროგრესის მისაღწევად საჭირო გახდა დამატებითი კვალიფიცირებული პერსონალის ჩინეთიდან ჩამოყვანა. სულ, კარანტინის გავლა დაახლოებით 500 სპეციალისტს მოუწევს.
საქართველოში, ბათუმის შემოვლითი გზისა და გრიგოლეთი-ქობულეთის პროექტებში უკვე ჩაერთნენ თურქი სპეციალისტები, რომლებმაც კარანტინი ყველა წესის დაცვით გაიარეს. ქართული მხარე ასევე განიხილავს სხვა კონტრაქტორი კომპანიების მოთხოვნებსაც, მიმდინარე საერთაშორისო პროექტებისთვის საჭირო სპეციალისტების მსგავსი პროცედურების დაცვით ჩამოყვანის შესაძლებლობის თაობაზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ჩინელი სპეციალისტები ავიაკომპანია China Southern Airlines-ის ჩარტერული ავიარეისებით ჩამოვიდნენ.