ჩინურმა ავიაკომპანია China Southern-მა Airbus А380 მოდელის საჰაერო ხომალდების ფლოტიდან გაყვანა გადაწყვიტა. საუბარია 5 ერთეულ ლაინერ-გიგანტიზე, რომლის ექსპლუატაციასაც ავიაკომპანია წლის ბოლოდან შეწყვეტს.

ავიაკომპანიამ საკუთარ ავიაფლოტში ამ ტიპის თვითმფრინავებთან მიმართებაში აუდიტი ჩაატარა, რომელმაც დაადგინა, რომ საჰაერო ხომალდის დიდი ზომის გამო მისი შენახვა და მომსახურება კომპანიას საკმაოდ ძვირი უჯდება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ სად აპირებს China Southern Airlines-ი ხუთი A380-ის “შენახვას”.

აღსანიშნავია, რომ Airbus А380 არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ლაინერი. ის მსოფლიოში ერთადერთ სერიულ გიგანტურ ლაინერად ითვლება. მსოფლიოს უდიდესმა სამგზავრო თვითმფრინავმა პირველი ფრენა 2005 წლის 27 აპრილს შეასრულა. ლაინერით 2007 წლის 25 ოქტომბერს კი პირველი კომერციული ფრენა განახორციელდა.

Airbus А380 – ფართე ფუზელაჟიანი, ორსართულიანი, ოთხ ძრავიანი სამგზავრო თვითმფრინავი, შექმნილია Airbus S.A.S მიერ. მისი სიმაღლე 24,08 მეტრი, სიგრძე 72,75 მეტრი, ხოლო ფრთის განშლა 79,75 მეტრია. Airbus А380 ტევადობა – 525 მგზავრი სამი კლასის სალონში, 853 მგზავრი ერთკლასიან კონფიგურაციაში. შეუძლია დაჯდომის გარეშე იფრინოს 15 400 კმ-მდე მანძილზე. დახასიათება: აქვს 4 ძრავა. შეუძლია 150 ტ ტვირთის გადატანა 10 370 კმ-მდე მანძილზე. მაქსიმალური ასაფრენი მასა — 560 ტ (თვითონ თვითმფრინავის წონა შეადგენს 280 ტ).

Airbus А380-ის მიღების შესაძლებლობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არ არსებობის გამო, ბევრ აეროპორტს არ შეუძლია.