ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ქართულმა მხარემ უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებს ჩარტერული რეისის მიღებაზე უარი უთხრა, რომლებიც ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით ჩამოდიოდნენ. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული მიზნით უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ის ჩარტერული რეისი მართლაც იყო დანიშნული, თუმცა 30 ოქტომბერს მისი ანულირება თავად ავიაკომპანიამ მოითხოვა. 

“გვსურს გამოვეხმაუროთ დღეს, გარკვეული მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, იმის თაობაზე, რომ უკრაინული “რადას” ჟურნალისტებისა და დეპუტატების დელეგაციის ჩარტერული რეისი ქართული მხარის უარის გამო გაუქმდა.

გაცნობებთ, რომ ავიაკომპანია SkyUp Airlines-ის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოვიდა განაცხადი 30 ოქტომბერს კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებით კერძო ჩარტერული ფრენის განხორციელების მიზნით ნებართვის გაცემის თაობაზე. SkyUp Airlines-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ჩარტერული რეისი მიზნად ისახავდა უკრაინის რადას დელეგაციის ჩამოყვანას, მათი დამკვირვებლების სახით არჩევნებზე დასწრების მიზნით.

თუმცა, 30 ოქტომბერს, 02:09  საათზე  SkyUp Airlines-მა სააგენტოს კვლავ მომართა ფრენაზე ნებართვის მოთხოვნის ანულირების თაობაზე, რის მიზეზადაც დამკვეთი მხარის მიერ მოთხოვნილი ფრენის გაუქმება დაასახელა”, აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში. 

უწყება ავიაკომპანიის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გაგზავნილ შეტყობინებასაც ასაჯაროებს.