ჩარტერული ავიარეისების პროგრამაში შესაძლოა Wizz Air-იც ჩაერთოს. ეს შესაძლებლობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა არ გამორიცხა. ნათია თურნავას განმარტებით, საქართველოში ჩარტერული ფრენები აქტიურად ხორციელდება და გამორიცხული არ არის, რომ რეგულარული ფრენების აღდგენამდე Wizz Air-მაც ჩარტერული ფრენები განახორციელოს.
“კარგად გვესმის, რომ Wizz Air-ი არის დაბალბიუჯეტიანი კომპანია. ბევრი ადამიანისთვის, ვისაც ხელი არ მიუწვდება თუნდაც Georgian Airways-ის სუპერძვირ ბილეთებზე, ეს არის სოციალურად სენსიტიური საკითხი. მინდა საქართველოს მოსახლეობა დავარწმუნო იმაში, რომ Wizz Air-ი არსად არ მიდის, Wizz Air-ი რჩება საქართველოში და მოემსახურება ქართველ მგზავრებს ისევ ისე ხელმისაწვდომ ფასებში, როგორც ეს იყო.
ტექნიკური საკითხია მას 2 ხომალდი ეყოლება ქუთაისში, თუ ერთი ხომალდი, თუ ეყოლება ბუდაპეშტში და იქიდან მოემსახურება ფრენებს. მაგრამ კიდევ ერთ რამეს გეტყვით, რომ დღეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში არის ოფიციალურად Wizz Air-ის განაცხადი, რომელიც გვაქვს განხილვაში და ავიაკომანია 10-ზე მეტი მიმართულებით ფრენების აღდგენას ითხოვს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პარკინგზე მას ხომალდი სად ეყოლება“, – განაცხადა ნათია თურნავამ და დასძინა, რომ საქართველოში ჩარტერული ფრენები აქტიურად ხორციელდება და “მე არ გამოვრიცხავ, რომ იგივე Wizz Air-თან შეიძლება ჩარტერული ფრენების რეჟიმშიც შევთანხმდეთ”.