მთავარი აეროპორტები ბუქარესტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ავიარეისი შესრულდა

ბუქარესტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ავიარეისი შესრულდა

115

რამდენიმე წუთის წინ, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დაბალბიუჯეტიანმა უნგრულმა ავიაკომპანია Wizz air-მა რუმინეთიდან საქართველოს მიმართულებით პირველი ავიარეისი შეასრულა.
ბუქარესტიდან ქუთაისის მიმართულებით შესრულებულ პირველ ავიარეისს აეროპორტში ტრადიციულად წყლის შადრევნით დახვდნენ. რეისის პირველ მგზავრებს აეროპორტში ქართული ღვინოები დაურიგდათ.
ბუქარესტი-ქუთაისის მიმართულებით ფრენები კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს განხორციელდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის ქეთევან ალექსიძის განცხადებით, რუმინეთი რიგით მე-14 ქვეყანაა და მე-20 მიმართულება, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz air შეასრულებს.
“დღეიდან დაიწყო ავიამიმოსვლა საქართველო-რუმინეთს შორის. ეს არის ორ ქვეყანას შორის, ჯერჯერობით ერთადერთი პირდაპირი მიმართულება. თუმცა აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ 1 აგვისტოდან თბილისის აეროპორტში რუმინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია „TAROM” შეასრულებს რეგულარულ რეისებს თბილისი-ბუქარესტი-თბილისის მიმართულებით,-‘’განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.
“საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მუდმივად მუშაობს ახალ ავიამიმართულებებზე. 15 ნოემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი ავიამიმოსვლა ევროპის კიდევ ერთი დედაქალაქის, ვენის მიმართულებით შესრულდება.