აბრეშუმის გზის ქვეყნებს ქალაქების მერების ფორუმზე რობოტმა სოფიამ ყაზახეთის პრეზიდენტის ვინაობა ვერ დაასახელა.
კითხვა სოფიას ორჯერ დაუსვეს. პირველ შემთხვევაში ჰუმანოიდმა რობოტმა კითხვის უფრო მეტად დაკონკრეტება ითხოვა. კითხვა სოფიას გაუმეორეს. ამის მერე დარბაზში სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. სოფია პასუხს ეძებდა, თუმცა ვერ მოახერხა.
ჩინური კრიპტო ფონდის AngelVest-ის დამფუძნებელმა დევიდ ჩენმა განაცხადა, რომ სოფიას მიერ პასუხის ვერ მოძიება, სავარაუდოდ, ქსელის ხარვეზთან იყო კავშირში, რადგანაც ცნობილია, რომ სოფია კომუნიკაციას ადამიანებთან და შესაბამისი პასუხების პოვნას ინტერნეტის საშუალებით ახდენს.
როგორც ჩენმა აღნიშნა, ამ დღეებში რობოტ სოფიას ყაზახეთის პრეზიდენტთან ნურსულთან ნაზარბაევთან აქვს ჩანიშნული შეხვედრა.
რობოტი სოფია ჰონკონგური კომპანია Hanson Robotics-ის მიერაა შექმნილი. როგორც ცნობილია ის, საუდის არაბეთის მოქალაქე გახდა. სოფია პირველი რობოტია, რომელმაც მოქალაქეობა მიიღო. თავის მხრივ, საუდის არაბეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც რობოტი მოქალაქე ჰყავს.
ჰუმანოიდ რობოტს ადამიანის მსგავსი ვიზუალი, ქცევები და ემოციები აქვს.