აჭარაში ტურისტების შემოყვანაზე მსოფლიოს წამყვანი, ბრიტანული კომპანია Thomas Cook-იც იზრუნებს. კომპანიის მენეჯერებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე TAV-ის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.
მინისტრი ამბობს, რომ აჭარას ტურიზმის კიდევ უფრო განვითარების მხრივ დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს და ამ საქმეში Thomas Cook-ის ჩართულობაც მნიშვნელოვანი იქნება, მით უმეტეს, რომ რეგიონს სპორტული ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებთან ერთად დიდი ამბიციებიც აქვს.
Thomas Cook-ს საკუთარი ავიაპარკიც გააჩნია, რითაც აჭარაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სპორტული ტურიზმით დაკავებული ტურისტების შემოყვანას უზრუნველყოფს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ჯაბა ფუტკარაძემ კომპანიების ხელმძღვანელებს რეგიონის ეკონომიკური განვითარების და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. აღნიშნულ შეხვედრას „Thomas cook“-ის ფრენების დანიშნულების მართვის დირექტორი თიმ ჯოდი, „Thomas cook“-ის ფრენების და აეროპორტის სუბსიდიების მენეჯერი სტეფან ჯოლი, TAV Georgia-ს სატერმინალო ოპერაციების მენეჯერის მოადგილე იუცელ ოლგუნი, TAV-ის ავიაციის მარკეტინგის წარმომადგენელი ქენ ქენბოლატი და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.
კომპანია Thomas Cook 1841 წელს დაარსდა და დღეს ტურიზმის დარგში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. Thomas Cook მსხვილ ავიაკომპანიას ფლობს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქვს ოფისები და ტურიზმის მიმართულებით ინვესტიციებს ახორციელებს.
როგორც ცნობილია ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, რომელმაც ACES Europe-სგან ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მოიპოვა.
სპორტული ქალაქის სტატუსი ნიშნავს ბათუმში ინტენსიურად გამართულ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს,უფრო მეტ ვიზიტორს, უფრო მეტ დასაქმებულს, უფრო მეტ განვითარებას!
აღსანიშნავია, რომ სპეციალური კომისია ინსპექტირების მიზნით საქართველოს ივლისის თვეში ეწვია. ACES Europe-ის კომისიამ, რომელმაც ფედერაციის პრეზიდენტი ჯან ფრანჩესკო ლუპატელი ხელმძღვანელობდა, ბათუმში ვიზიტის დროს სპორტული ობიექტები დაათვალიერეს და ადგილზე შეაფასეს არსებული მდგომარეობა.
ACES Europe-ის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, ბათუმი კარგი მაგალითია სპორტის, განათლებისა და ჯანმრთელობის კუთხით, რაც ACES Europe-ის მთავარ მიზანს წარმოადგენს; სამაგალითოა სპორტული პოლიტიკა და ინფრასტრუქტურა, პროგრამები და აქტივობები. სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით მიენიჭა ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის წოდება. ეს ფაქტი თავის მხრივ ადასტურებს იმას, რომ ევროპაში საქართველო ერთ-ერთ სპორტულ ქვეყნად ითვლება. გარდა ამისა, მიღებული სტატუსი ქვეყანაში ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სპორტის პოპულარიზაციას. სპორტის განვითარება კი საქართველოში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდა.
ACES Europe ევროპულ ქალაქებს ყოველწლიურად ანიჭებს ,,ევროპის სპორტის დედაქალაქის“, ,,ევროპის სპორტის ქალაქის“, ,,ევროპის სპორტის თემისა“ და ,,ევროპის სპორტის მცირე ზომის ქალაქის“ სტატუსს.
ევროპის სპორტის ქალაქის ტიტულსა და დროშას ბათუმი 2018 წლის 4 დეკემბერს, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე მიიღებს, რომელიც ბრიუსელში, ევროპის პარლამენტში გაიმართება. ცერემონიას ევროპის პარლამენტის წევრები, მინისტრები, ევროპული დედაქალაქებისა და ქალაქების მერები დაესწრებიან. დაჯილდოების ცერემონიაზე მალაგის, ლისაბონისა და ჰააგის დელეგაციებიც დაესწრებიან, რომლებიც საკუთარი სპორტული პროექტების შესახებ ისაუბრებენ 2020–22 წლებისთვის.
რაც შეეხება ევროპის სპორტის დედაქალაქს, ამ სტატუსს 2019 წელს ბუდაპეშტი ატარებს.
2019 წლიდან კი, სტატუსის ფარგლებში ბათუმში ინტენსიურად უნდა გაიმართოს მასობრივი სპორტული და კულტურული ღონისძიებები, რისი მდიდარი გამოცდილებაც საქართველოს ზღვისპირა ქალაქს უკვე აქვს.