ავიაკომპანია Georgian Airways-ი საზოგადოებისთვის საკუთარი თანამშრომლების წარდგენის პროექტს განაგრძობს და ამჯერად ავიაკომპანიის ერთ-ერთ გამორჩეულ უფროს ბორტგამცილებელსა და ინსტრუქტორზე ნინო მწითურზე წერს. ნინო მწითური ავიაციის სფეროში საკმაოდ გამორჩეული და ცნობილი სახეა.

„17 წელი ბორტზე, 10 ათასი საათი ჰაერში და პროფესია, რომელიც ცხოვრების ნაწილად იქცა.

ნინო მწითური უკვე 17 წელია, რაც ავიაკომპანია Georgian Airways-ის ეკიპაჟის წევრია. ნინო უფროსი ბორტგამცილებელი და ინსტრუქტორია, რომელსაც 10 ათასამდე საათი აქვს ნაფრენი. მისი ისტორია ავიაციაში სპონტანური გადაწყვეტილებით დაიწყო, თუმცა დღეს პროფესია მისთვის ცხოვრების ნაწილად იქცა.

„ეს ძალიან სპონტანურად მოხდა – გავიგე ვაკანსიის შესახებ. ვერ ვიტყოდი, რომ მანამდე მქონდა წარმოდგენილი ჩემი თავი ამ პროფესიაში, თუმცა შემდეგ იმდენად მიმზიდველი გახდა ავიაცია ჩემთვის, დღემდე უკვე მე-17 წელია ამ სფეროში ვარ.“

გასაუბრების ეტაპების გავლისა და საავიაციო უნივერსიტეტში გადამზადების შემდეგ, დაიწყო ნინოს კარიერული გზა: ჯერ გახდა უფროსი ბორტგამცილებელი, შემდეგ ინსტრუქტორიც. მისი პირველი ფრენა – რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს შედგა თელ-ავივის მიმართულებით – სამუდამოდ დაამახსოვრდა. როგორც თავად ამბობს, ეს იყო დღე, რომელმაც მისი პროფესიული მომავალი განსაზღვრა.

„ჩამოფრენის შემდეგ გავიგე ომის დაწყების შესახებ. შემეძლო უარი მეთქვა, მაგრამ გავაგრძელე ფრენა იმ რთულ დღეებშიც, რადგან ავიაკომპანიას, საომარი ვითარების მიუხედავად, რეისები არ გაუჩერებია. ზუსტად მაგ დღეს დავრწმუნდი, რომ ამ პროფესიაში დარჩენა მინდოდა.“

ნინოსთვის ავიაცია მხოლოდ ფრენა არ არის – ეს კომუნიკაცია, ზრუნვა და სწრაფი რეაგირებაა.

,,მომწონს, რომ ბევრ საინტერესო ადამიანს ვხვდები ბორტზე. ყველა რეისი განსხვავებულია – მგზავრებიც, კოლეგებიც. ბევრი ცნობილი ადამიანი, მომღერალი ჩამოგვყავს.

შემდეგ ისინი ჩვენს ეკიპაჟს ეპატიჟებიან თავიანთ კონცერტებზე, რაც ძალიან სასიამოვნოა. ძალიან კარგი შეგრძნებაა, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ხარ, როცა ქვეყანაში რამე მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება. ძალიან დასამახსოვრებელი იყო გასული წლის ზაფხულში რეისები, როდესაც ჩვენი ეროვნული ნაკრები და გულშემატკივრები გავამგზავრეთ ევროპის ჩემპიონატზე. ასევე, განსაკუთრებულად მახსენდება გია ყანჩელი და გული მწყდება, რომ მასთან ფოტო ვერ გადავიღე – არ მინდოდა შეწუხება.“

ნინო საუბრობს პროფესიის იმ მხარეზე, რაც საზოგადოებისთვის ხშირად უცნობი რჩება – პასუხისმგებლობა, მგზავრების მდგომარეობაზე ზრუნვა და კრეატიულობა.

„ფრენის დროს რესურსები შეზღუდულია. აუცილებელია ლოგიკური და კრეატიული აზროვნება – thinking out of the box – რომ ნებისმიერი პრობლემა ისე მოაგვარო, მგზავრიც კმაყოფილი იყოს და ეკიპაჟიც. ხშირად გვხვდებიან მგზავრები, რომლებსაც ფრენის ეშინიათ. მათთვის მნიშვნელოვანია საუბარი და ყურადღება. ამ პროფესიაში ფსიქოლოგის თვისებებიც საჭიროა– უნდა გრძნობდე, კონკრეტულ ადამიანს რა დაამშვიდებს. ბორტგამცილებლის პროფესია ყოველდღიურად სხვადასხვა როლში ყოფნას მოითხოვს და აერთიანებს ბევრ სხვა პროფესიას – და სწორედ ამიტომ არის ასეთი საინტერესო.“

ინსტრუქტორის პოზიციიდან, ნინო ავიაციაში მოსულ ახალბედა ადამიანებს მუდმივ პროფესიულ ზრდას ურჩევს:

„მოსწონს, როცა ახალი თანამშრომელი კი არ ელოდება რჩევას, თავად ინტერესდება, რა უნდა გააუმჯობესოს. მეც ასე ვიყავი და დღემდე ვკითხულობ: როგორ შემიძლია კიდევ უკეთესი გავხადო ჩემი მუშაობა?“

ნინო ხაზს უსვამს მთავარს – ავიაციას უბრალოდ პროფესიად ვერ მოიხსენიებს, რადგან ეს მისი ცხოვრების ნაწილია:

„18 წლის ვიყავი, როცა ამ პროფესიაში მოვედი – ფაქტობრივად, აქ გავიზარდე. თუ კი დღეს ვარ თავდაჯერებული, ძლიერი და წარმატებული ადამიანი – ეს ჩემი პროფესიის დამსახურებაა. ეს ჩემი ნაწილია. ყოველთვის მიხარია, როცა ჩემი შრომით რაიმეს გაუმჯობესება და ამ სფეროში წვლილის შეტანა შემიძლია“, – აღნიშნულია ავიაკომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.