ავიამშენებელი კონცერნის Boeing-ის პრობლემები აშშ-ს, 2020 წელს მშპ-ს 0,5%-ი დაუჯდება. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აშშ-ს ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი აკეთებს. 

“ეჭვი არ არსებობს, რომ Boeing-ის პრობლემები ეკონომიკურ ზრდას შეანელებს. Boeing-ი აშშ-ში ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია და 737 MAX-ის თვითმფრინავების ექსპლუატაციის შეჩერებამ ქვეყნის მშპ-ს შესაძლოა 0,5%-ი დაუჯდეს”,- აღნიშნა მინისტრმა.

აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო, 2020 წელს 2.5-3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. უწყებაში მიაჩნიათ, რომ Boeing-ის პრობლემების გამო მაჩვენებელი 2.5%-ი იქნება.

“ამ პრობლემის გარეშე კი ზრდა შესაძლოა 3%-ი ყოფილიყო. ცხადია, რომ აშშ-ს მექსიკასა და კანადასთან (USMCA) თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, ასევე როგორც ჩინეთთან სავაჭრო ხელშეკრულება, დიდ წვლილს შეიტანს მშპ-ს ზრდაში”- თქვა მნუჩინმა.