კომპანია Boeing-მა Boeing 737 Next Generation-ის ტიპის ათობით თვითმფრინავში სერიოზული დეფექტი აღმოაჩინა. ავიაკომპანიებთან და აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურ სამმართველოსთან (FAA) ერთად ჩატარებული შემოწმების შედეგად კომპანიამ ყოველ მეოცე თვითმფრინავში, ფუზელაჟის ფრთასთან დამაკავშირებელ ნაწილზე ბზარები აღმოაჩინა. ამასთან ერთად, შემოწმება ჯერ აშშ-ში არსებული თვითმფრინავების მესამედმა გაიარა.
პირველი შეტყობინებები Boeing 737 Next Generation-ში არსებული დეფექტის შესახებ სექტემბერში გაჩნდა. გამოცემა KOMO News-ის ცნობით, საუბარია ნაწილზე, რომელიც ფრთას ფუზელაჟზე ამაგრებს და pickle fork ჰქვია. დეფექტი ქალაქ სიეტლში Boeing-ის ქარხანაში შედარებით ახალი თვითმფრინავის შემოწმებისას აღმოაჩინეს, რომელმაც უკვე დაახლოებით 35 000-ჯერ იფრინა.
აღსანიშნავია, რომ ნაწილი pickle fork თვითმფრინავის ექსპლუატაციის მთელ ვადაზე – 90 000 ფრენაზეა გათვლილი. გამოცემასთან საუბარში​ Boeing-ის ყოფილმა ინჟინერმა განაცხადა, რომ გაბზარული ნაწილის გამოცვლის პროცესი საკმაოდ შრომატევადია.
კომპანიამ პრობლემის შესახებ აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურ სამმართველო აცნობა, რომელმაც ყველა ავიაკომპანიას ამ სერიის თვითმფრინავების შემოწმება დაავალა. 9 ოქტომბრისთვის შემოწმება 686-მა თვითმფრინავმა გაიარა, აქედან 36-ში დეფექტი აღმოაჩინეს, – იუწყება USA Today. ზოგიერთმა ავიაკომპანიამ Boeing 737 Next Generation-ის ტიპის თვითმფრინავების გამოყენება შეაჩერა.
საერთო ჯამში აშშ-ში ამ მოდელის 1900-ზე მეტი თვითმფრინავია დარეგისტრირებული, სულ კი Boeing-მა 7000-ზე მეტი Boeing 737 Next Generation-ი გამოუშვა.
Next Generation-ი Boeing 737-ის მესამე თაობის თვითმფრინავი და Boeing 737 MAX-ის წინამორბედია, რომლის ექსპლუატაციაც მთელ მსოფლიოში ორი თვითმფრინავის კატასტროფის გამო შეჩერდა. 737 MАХ-ის ექსპლუატაციაში დაბრუნების თარიღმა რამდენჯერმა გადაიწია. 9 ოქტომბერს კომპანია American Airlines-მა განაცხადა, რომ თვითმფრინავებით ფრენებს 2020 წლის დასაწყისში განაახლებს.
თუმცა რამდენიმე დღეში საავიაციო უსაფრთხოების ევროპულმა სააგენტომ FAA-ს და Boeing-ს აცნობა, რომ 737 MАХ-ის განახლებული პროგრამების ტესტებს საკმარისად არ თვლის და დამატებითი შემოწმების ჩატარებას ითხოვს. გარდა ამისა Boeing-ს ავიაკომპანიებისთვის, მოქმედი პილოტებისთვის და ორი ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ოჯახებისთვის მილიარდობით დოლარის ზარალის ანაზღაურება მოუწევს.
ევროპულ Airbus-სა და ამერიკულ Boeing-ს შორის კონკურენციის გამო აშშ-მა ევროპას მასშტაბური სავაჭრო ომი გამოუცხადა. დეტალები წაიკითხეთ ბმულზე.

წყარო: Imedinews