თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანა  ATC, ამ დროისათვის, Boeing-ის შეკვეთებზე მუშაობს. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას ATC-ის ფინანსურმა დირექტორმა მიხეილ ბეგიაშვილმა განაცხადა, საწარმოში ამ ეტაპზე Boeing 737 MAX-ებისთვის ტექნიკური კარის დამზადება მიმდინარეობს.

„ჩვენი კომპანია სამოქალაქო ავიაციისთვის მიწოდებას აგრძელებს.  კომპანიამ მიმდინარე წელს Boeing 737 MAX-ების ტექნიკური კარის წარმოების პროცესი დაიწყო.

სამომავლოდ ვგეგმავთ გაფართოებას და თვითმფრინავის სხვა დეტალების წარმოების დაწყებას. საუბარია Boeing-ის სხვადასხვა მოდელის თვითმფრინავების დეტალებზე“, – აცხადებს ATC-ის მენეჯერი.

მიხეილ ბეგიაშვილის თქმით, თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების საწარმო დაკვეთების მიღებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს ასევე სხვა მწარმოებლებთანაც, რომელთა დასახელების უფლება კომპანიას ჯერ არ აქვს.

თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხნის ფინანსური დირექტორი ფინანსურ კრიზისზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ  2022 წელი ATC-თვის საკმაოდ რთული წელი იყო.

„კომპანიას დღეისათვის ფინანსური პრობლემები გააჩნია. ამის მიზეზი არის ის, რომ ზოგადად მოთხოვნა არის შემცირებული, თუმცა 2023 წლიდან ვიმედოვნებ, რომ წარმოებას გავზრდით, რადგანაც მოსალოდნელია, რომ ბაზარზე მდგომარეობა გაუმჯობესდება. 2022 წელი კომპანიისთვის საკმაოდ რთული იყო“, – აცხადებს კომპანიის ფინანსური მენეჯერი და დასძენს, რომ პანდემიის შემდეგ მსოფლიოში ფრენებზე მოთხოვნა ბოლო თვეებია იზრდება, მაგრამ ATC-ზე ეს ზარდა ასე ერთბაშად ვერ აისახება.

აღსანიშნავია, რომ Boeing 737 MAX-ებით ოპერირება გარკვეული ხნის განმავლობაში შეჩერებული იყო, რაც ლაინერებში აღმოჩენილ ტექნიკურ ხარვეზს უკავშირდებოდა, რაც თავის მხრივ ავიაკატასტროფების მიზეზიც გახდა. თუმცა მწარმოებლის ანუ Boeing-ის მიერ ხარვეზის დაფიქსირების და მისი გამოსწორების შემდეგ Boeing 737 MAX-ს ცაში დაბრუნების უფლება მისცეს. თავად Boeing-ს  დაფიქსირებული ხარვეზების გამოსასწორებლად საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა. დღეს Boeing 737 MAX-ი ავიაკომპანიებისთვის ერთ-ერთი სასურველი საჰაერო ხომალდია, რომლის შეძენაზეც კეთდება აქცენტები.

შეგახსენებთ, რომ ამიერკავკასიაში პირველი სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანა „საპარტნიორო ფონდისა“ და ებრაული კომპანია Elbit Cyclon-ის ერთობლივი პროექტია. ინვესტიციის მოცულობა 93 მლნ დოლარს შეადგენს. საწარმოში დამზადებული პირველი პროდუქცია მსოფლიო ავიაციის უმსხვილესმა ავიაკომპანია Boeing-მა შეისყიდა.

Elbit-ი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე კვოტირებული, მსოფლიოში აღიარებული მწარმოებელია და Boeing-ის, Airbus-ის, Bombardier-ის, ასევე, მსოფლიოში ცნობილი სხვა მსხვილი კომპანიების პარტნიორია.