ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს საავიაციო სექტორის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა. სასტუმრო „რედისონში“ გამართულ ღონისძიებაზე მინისტრმა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში დარგის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბევრი სექტორი, რომლითაც დღეს თავს ვიწონებთ, სწორედ სამოქალაქო ავიაციის წარმატებულ საქმიანობას ემყარება.

„როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ გავხდით ტურისტული ქვეყანა და თავს ვიწონებთ იმით, რომ წელს სამჯერ მეტ ტურისტს მოვემსახურებით, ვიდრე ჩვენი მოსახლეობაა, ესეც თქვენი დამსახურებაა. როდესაც ვამბობთ, რომ საქართველო გახდა ერთ-ერთი მიმზიდველი პლატფორმა საერთაშორისო ბიზნესისთვის და ბევრი უცხოელი ბიზნესმენი ჩამოდის საქმიანი ვიზიტით, ესეც თქვენი დამსახურებაა. დღევანდელ საერთაშორისო ბიზნესში სისწრაფე, უსაფრთხოება, კონტაქტის სიმარტივე არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი. აქედან გამომდინარე, თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისითაც ვამაყობთ და ვინც ყოველთვის უნდა იყოს ჩვენი პრიორიტეტი, რადგან უსაფრთხო სამოქალაქო ავიაცია, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება, არის ჩვენი სახე, ჩვენი აწმყო და ჩვენი მომავალი,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა ასევე ისაუბრა დარგის გამოწვევებზე. მისი თქმით, 2018 წელს საქართველოს აეროპორტები 5 მილიონ მგზავრზე მეტს მოემსახურა, მიმდინარე წელს კი, რუსეთიდან ფრენების შეჩერების მიუხედავად, 11 თვის წინასწარი მონაცემებით მგზავრთა რაოდენობა 4 მილიონ 800 ათასზე მეტია. „ამ მაჩვენებლის მიხედვით, გამოწვევების მიუხედავად, წელს საქართველოს აეროპორტებში ჯამურად შარშანდელზე ნაკლები მგზავრი არ გვეყოლება,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

„ბოლო 3 წელიწადში, საქართველოს ბაზარზე 25 – მდე ახალი ავიაკომპანია შემოვიდა, რაც ნიშნავს ახალ ტურისტებს, ახალ შესაძლებლობებს, მაგრამ ავიატორებისთვის ეს დამატებითი გამოწვევაა, რადგან იზრდება მოთხოვნა საერთაშორისო სტანდარტების შესრულების კუთხით როგორც ხმელეთზე, ასევე საჰაერო სივრცეში,“ – განაცხადა მინისტრმა. მან ასევე ჩამოთვალა ის პროექტები, რომლებსაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის განვითარებისთვის ახორციელებენ კომპანია „საქაერონავიგაცია“, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“, „სამოქალაქო ავიაციის სააგენტო“ და სხვ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება ICAO-ს ასამბლეის და EUROCONTROL-ის მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან კარანაძის არჩევაზე. მისი თქმით, ეს ასევე არის საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორის რეფორმის აღიარება, რადგან ისტორიაში პირველად ხდება საქართველოს წარმოდგენელი ასეთი მაღალი რანგის არჩეული პირი.

„ბოლო რამდენიმე წელიწადში მსოფლოს საავიაციო უსაფრთხოების ზედამხედველობის მაჩვენებლების მიმართ ჩვენი შესატყვისობის ხარისხი პრაქტიკულად გასამმაგდა. 2013 წლის მონაცემებით, ფრენების უსაფრთხოების სტანდარტების და მონიტორინგის თვალსაზრისით მოთხოვნების მხოლოდ 32 პროცენტს ვპასუხობდით, ახლა 88 პროცენტს მივაღწიეთ. ეს, პრაქტიკულად, ხუთ წელიწადში გაკეთებული ნახტომია, მაგრამ წინ ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს ავიაციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან კარანაძემ სექტორის მიმდინარე ანგარიში და სამომავლო პროექტები წარადგინა.