ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება იწყება. როგორც ჩანს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია “ტავ ჯორჯიას” მწვანე შუქი აუნთო, პროექტი მოუწონა და გაფართოების სამუშაოებიც იწყება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საავიაციო სფეროში მომუშავე ადამიანებს, სწორედ ავიაციის საერთაშორისო დღეს აუწყა, რომ აეროპორტი აუცილებლად გაფართოვდება.

“კომპანია “ტავ ჯორჯია” ახორციელებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებას. აეროპორტს 3300 მ2 ახალი სივრცე დაემატება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც ჩვენ ყველანაირად მხარს ვუჭერთ. უკვე დიდი გამოწვევის წინაშე დადგა ბათუმი. ეს სასიამოვნო გამოწვევაა. ბათუმს ბევრი ვიზიტორი ყავს, მაგრამ ჩვენ ამას ღირსეულად ვპასუხობთ ჩვენს პარტნიორ კომპანიასთან ერთად”, განაცხადა მინისტრმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია რა გახდა პროექტის გაჭიანურების მიზეზი, რომლის რეალიზებასაც “ტავ ჯორჯია” 2019 წლის ნოემბრიდან გეგმავდა. 

AviaNews-ის კითხვაზე, მოგვარდა თუ არა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის არსებული გაუგებრობა და მხარეებს შორის შეთანხმება შედგა თუ არა, მინისტრმა ასეთი პასუხი გაგვცა:

“არანაირი გაუგებრობა ჩვენ არ გვქონია. “ტავ ჯორჯია” არის ჩვენი პარტნიორი, მაგრამ იმავდროულად “ტავს” თავისი ვალდებულებები გააჩნია, მათ შორის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტთან მიმართებაში. გარკვეული პროცედურები არსებობს კანონმდებლობის მიხედვით და როდესაც “ტავმა” გაიარა ყველა ეს პროცედურა და ყველა აუცილებელი შეთანხმება მოიპოვა, მათ შორის მშენებლობის ნებართვა ახლა შეგვიძლია ვისაუბროთ რომ თავისუფლად გააგრძელებს. ჩვენი მხრიდან ეს პირიქით მოთხოვნა იყო რომ ეს პროექტი რაც შეიძლება სწრაფად დაწყებულიყო. 

ვადები უკვე გაწერილია, უახლოეს პერიოდში დაიწყება და თვეები დასჭირდება მის გაფართოებას”, აღნიშნა ნათია თურნავამ.

როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია “ტავ ჯორჯიას” გენერალური მენეჯერის მოადგილემ თეა ზაქარაძე გადაცემა “საქმიანი დილასთან” საუბრისას, რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, კომპანიას პროექტისთვის შესაბამისი ფინანსები უკვე მოძიებული აქვს.

“ძალიან გვინდა, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი დავიწყოთ. ჩვენ ფინანსური მობილიზაცია უკვე გაკეთებული გაქვს. პროექტიც უკვე მზადაა და ის ელოდება სახელმწიფოს მხრიდან პატარა დეტალების შეთანხმებას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დაახლოებით ორი კვირის ფარგლებში ეს ბიუროკრატიული დეტალებიც შეთანხმდება”, აცხადებს თეა ზაქარაძე.

მისივე განმარტებით, “ტავ ჯორჯია” ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტს 2018 წლის აპრილიდან ამუშავებდა.

“2018 წლის აპრილის შემდეგ, ჩვენ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებას ვგეგმავთ. პროექტი  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წარდგენილი იყო 2018 წლის ნოემბერში და გვქონდა “კონფირმაცია” ამ პროექტზე. დღეს, 2019 წლის ნოემბერია და ძალიან სამწუხაროა, რომ ის რაღაცნაირად შეფერხდა.

ისე კი გეტყვით, რომ ძალიან საინტერესო პროექტი ხორციელდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. ეს იქნება არსებული ტერმინალის გაფართოება, როგორც მოფრენის, ასევე გაფრენის სივრცის. არსებულ ტერმინალს 3300 კვ/მ დაემატება, რაც ბევრად უფრო კომფორტული იქნება მგზავრებისთვის”, აცხადებს “ტავ ჯორჯიას” გენერალური მენეჯერის მოადგილე.

თეა ზაქარაძე ამბობს, რომ რუსული ემბარგოს მიუხედავად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა, ოქტომბერში მგზავრთნაკადის ზრდა აჩვენა, ეს იმ პერიოდში როდესაც საავიაციო ბაზარზე, ზაფხულის სეზონისგან განსხვავებით, ზოგადად, მგზავრთნაკადის კლება ფიქსირდება. 

“იცით თუ როგორ დაგვარტყა რუსულმა ემბარგომ, გარკვეულწილად მგზავრების რაოდენობის კლებაც ფიქსირდებოდა. მიუხედავად ამისა, ოქტომბერში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გვქონდა მგზავრთნაკადის 13%-იანი ზრდა. ეს ძალიან კარგი ციფრია, იმ ფონზე როდესაც რუსეთიდან ფრენები შეზღუდულია.

ოქტომბერში, როდესაც საავიაციო ბიზნესში ისედაც იკლებს მგზავრთნაკადი ბათუმში გვაქვს 13%-იანი ზრდა. ეს ჯერ კიდევ მიუთითებს იმაზე, რომ რუსული ავიაკომპანიების გარდა, ჩვენ ბაზარზე გვყავს ისეთი ავიაკომპანიები რომლებიც საქართველოს მიმართულებით სიხშირეებს ზრდიან. 2-ჯერ გაიზარდა ისრაელიდან ფრენების რაოდენობა, ასევე თითქმის 2-ჯერ გაზარდა სიხშირეების რაოდენობა Belavia-მ. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ისრაელის მგზავრი 97%-ით გაიზარდა.

ჩვენ შეგვიძლია, რომ რუსული ავიაკომპანიების გარეშეც მივიღოთ ტურისტების ნაკადი და ამიტომ გვჭირდება, რომ სასწრაფოდ დავიწყოთ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება. ეს არ არის ჩვენი კაპრიზი, ეს გასაკეთებელია მგზავრების კომფორტისთვის”, აცხადებს “ტავ ჯორჯიას” გენერალური მენეჯერის მოადგილე.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის რეალიზებას “ტავ ჯორჯიაში” 2019 წლის ოქტომბრიდან ვარაუდობდნენ, თუმცა შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აეროპორტის გაფართოება ნაცვლად ოქტომბრისა 2020 წლის მარტში დაიწყებოდა.

“ტავ ჯორჯიას” გათვლებით, კომპანიას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი დაახლოებით 10 მლნ დოლარი დაუჯდება.