უკრაინული ავიაკომპანია Bees Airline, რომელმაც მხოლოდ შარშან დაიწყო ოპერირება და რამდენიმე დღის უკან სახელმწიფო ავიაციის სამსახურმა საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი გაუუქმა, მის მიმართ დაფიქსირებულ უკანონობასა და დისკრიმინაციაზე საუბრობს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, მათ მარეგულირებელს თავად მიმართეს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის შეჩერების თხოვნით და არა გაუქმების.
ავიაკომპანიის განცხადებით, Bees Airline-მ მარეგულირებელს სერტიფიკატის შეჩერების თხოვნით იმის გამო მიმართა, რომ კომპანიის მიერ ოპერირებადი თვითმფრინავები ექსპლუატაციაში იყო 24 თებერვლამდე, ანუ იმ დრომდე ვიდრე უკრაინის საჰაერო სივრცეში საჰაერო მიმოსვლა შეწყდებოდა. კერძოდ, მეიჯარის მოთხოვნის შედეგად, ომის რისკების გამო, უკრაინიდან საჰაერო ხომალდების ევაკუაცია განხორციელდა.
Bees Airline ხაზს უსვამს, რომ შეჩერებული სერტიფიკატის შემთხვევაშიც კი, მას შეეძლო გაეგრძელებინა ოპერირება, უზრუნველყო საკონსულტაციო მომსახურება და შეენარჩუნებინა მაღალკვალიფიციური პერსონალი.
თუმცა, მარეგულირებელმა გადაწყვიტა გაეუქმებინა სერტიფიკატი საავიაციო რეგულაციებით მოთხოვნილი სათანადო გაფრთხილების გარეშე და თავად ავიაკომპანიასთან კონსულტაციის გარეშე. კომპანიის მენეჯმენტი დარწმუნებულია, რომ მისი ავიაოპერატორის სერტიფიკატის „შენახვა“ საფრთხეს არ უქმნიდა ავიაციას და მისი გაუქმება საჭირო არ იყო.
„სახელმწიფო საავიაციო სამსახურის ეს გადაწყვეტილება არის დისკრიმინაციული და არაგონივრული, მიზნად ისახავს უკრაინაში საავიაციო ინდუსტრიის საბოლოო განადგურებას, რომელიც უკვე გადარჩენის ზღვარზეა. საავიაციო რეგულაციების თვალსაზრისით ეს არ არის სახელმწიფო საავიაციო სამსახურის ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც გასაკვირი და საეჭვოა”, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.
გადამზიდველის თქმით, სახელმწიფო საავიაციო სამსახურის ხელმძღვანელობის დღევანდელი პოზიცია არ არის კონსტრუქციული და მისი საქმიანობა არ არის მიმართული ავიაციის შენარჩუნებასა და აღდგენაზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ავიაკომპანიამ საჩივარი თავად სახელმწიფო საავიაციო სამსახურის უფროსს მიმართა. კომპანიამ სერტიფიკატის გაუქმების შესახებ ბრძანების მიღებისას დაშვებული დარღვევების შესახებ საქმის კურსში ჩააყენა ინფრასტრუქტურის სამინისტროც
„ჩვენ დავიცავთ ჩვენს უფლებებს, ვიბრძოლებთ ჩვენი ბიზნესისთვის და დავამტკიცებთ, რომ Bees Airline-ს უფლება აქვს გააგრძელოს თავისი საქმის პროფესიონალურად და ეფექტურად კეთება“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანიამ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი 2021 წლის 12 მარტს მიიღო და პირველი რეისი 2021 წლის 18 მარტს შეასრულა.
უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის ფონზე, 2022 წლის 15 თებერვალს Bees Airline-მა განაცხადა, რომ სალიზინგო კომპანიების მოთხოვნით იძულებული გახდა თავისი ყველა თვითმფრინავი საზღვარგარეთ გაეყვანა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში ავიაკომპანიის ბალანსზე ოთხი სამგზავრო ლაინერი ირიცხებოდა. 2022 წლის ივნისში ყველა თვითმფრინავი მეიჯარესთან დაბრუნდა.
Bees Airline-ის ფლოტი შედგებოდა ოთხი Boeing 737-800 NG-ისგან. შპს Biz Airline-ის მთავარი მფლობელი არის ბიზნესმენი სერგეი სმირნი (90%), რომელიც ასევე ფლობს სასოფლო-სამეურნეო კომპანიას.
24 თებერვლიდან ავიაკომპანია ფრენებს არ ახორციელებს უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის შემოღებისა და საჰაერო სივრცის დაკეტვის გამო.
აღსანიშნავია, რომ ომამდე Bees Airline აქტიურად ოპერირება საქართველოს ავიაბაზარზეც და უკრაინის სხვადასხვა ქალაქებიდან ფრენებს თბილისის და ბათუმის მიმართულებით ასრულებდა.