საქართველოს საჰაერო ტვირთების ბაზარს ახალი მოთამაშე შეემატა. ქართულმა ავიაკომპანიამ Georgian Airways-მა Georgian Airways Cargo დააფუძნა, რომელიც ამიერიდან აზიასა და ევროპას შორის საჰაერო სატვირთო გადაზიდვებს უზრუნველყოფს.
როგორც AviaNews-ს სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airways Cargo-ს გენერალურმა დირექტორმა ირაკლი მეზვრიშვილმა განუცხადა, კომპანიის ავიაპარკში ამ დროისათვის Boeing-ის ტიპის ერთი ერთეული B737-800 ირიცხება, თუმცა სამომავლოდ ახალი საჰაერო ხომალდების შემოყვანაზე ავიაკომპანია მოლაპარაკებებს ინტესიურად აწარმოებს.
რაც შეეხება Boeing B737-800-ს, ის უკვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია და სერტიფიცირების პროცესს გადის. Georgian Airways Cargo-მდე ის Smartwings-ის ავიაფლოტში ირიცხებოდა და სამგზავრო გადაყვანებს ევროპის შიგნით ახორციელებდა. თუმცა კარგო გადაზიდვებისთვის Boeing-ის მიერ აკრედიტირებულ საწარმოში მისი სამგზავროდან სატვირთო ხომალდად გადაწყობა მოხდა.
B737-800 2000 წელსაა გამოშვებული და სატვირთო ხომალდად გადაკეთების შემდეგ მისი ტვირთამწეობა 25 ტონას შეადგენს.
“Georgian Airways Cargo პირველი ავიაკომპანიაა რეგიონში, რომელიც სატვირთო გადაზიდვებისთვის Boeing 737-800-ს გამოიყენებს. ჩვენი ავიაკომპანიის უპირატესობა მდგომარეობს იმაშიც, რომ აღნიშნული ტიპის საჰაერო ხომალდით შევძლებთ კლიენტებს უფრო მეტი სიხშირე და დაბალი ფასები შევთავაზოთ. საწყის ეტაპზე ჩარტერულ რეისებს განვახორციელებთ, ხოლო შემდგომ რეგულარული რეისების შესრულებასაც დავიწყებთ. ავიაკომპანია საჰაერო ტვირთგადაზიდვას აზიასა და ევროპაში განახორციელებს”, – განმარტავს ირაკლი მეზვრიშვილი.
Georgian Airways Cargo-ს ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ავიაკომპანია სატვირთო რეისებზე და ზოგადად ტვირთების გადაზიდვებზე მოლაპარაკებებს სხვადასხვა კომპანიებთან უკვე აწარმოებს და მოთხოვნა საკმაოდ მზარდია.
“საჰაერო ტვირთგადაზიდვების ბაზარი საკმაოდ დიდია და არსებული შეკვეთებისა და დაინტერესების ფონზე იმედი გაქვს, რომ ავიაკომპანიის სერვისზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნა იქნება”, აცხადებს ირაკლი მეზვრიშვილი.
ამ დროისათვის ბაზარზე რამდენიმე ქართული სატვირთო ავიაკომპანია ოპერირებს: Geo Sky, TCA და Easy Charter.
პანდემიის ფონზე, 2020 წელს 2019 წელთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 22%-ით შემცირდა.
2020 წელს საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 19 266,220 ტონა შეადგინა, 2019 წელს კი 24 800,741 ტონა. შესაბამისად ტვირთბრუნვა 22.32%-ითაა შემცირებული. 2020 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2020 წელს გატარებული ტვირთნაკადი 24,31%-ით ნაკლებია 2018 წლის მაჩვენებლებზე. 2018 წელს აეროპორტმა 25 454,827 ტონა ტვირთი გაატარა.
აღსანიშნავია, რომ საჰაერო გზით ტვირთების გადაზიდვის მაჩვენებლის შემცირება უმეტესწილად COVID-19-ის ფონზე დაწესებული რეგულაციებს უკავშირდება. 2020 წლის მარტიდან საქართველომ რეგულარული რეისები შეაჩერა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას საჰაერო გზით სატვირთო გადაზიდვები არ შეუჩერებია, ტვირთების გარკვეული ნაწილის ტრანსპორტირება რეგულარული რეისებით ხდება და შესაბამისად ფრენების შეჩერებამ ტვირთნაკადზეც ნეგატიურად იმოქმედა. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ პანდემიის პირობებში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირდა.
საგულისხმოა ისიც, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.