თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი საქართველოს ავიაბაზრით კმაყოფილია და რამდენიმე დღეში თბილისის მიმართულებით სიხშირეების გაზრდასაც გეგმავს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოში Turkish Airlines-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ქენან ინჯემ განაცხადა, ზაფხულის სეზონზე სიხშირეების დამატება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებითაც იგეგმება. მისივე თქმით, ბაზარზე მოთხოვნა იზრდება.
„ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ამ სეზონით, რადგან გასული და მიმდინარე წლის განმავლობაში ვზრდიდით ჩვენს რეისებს. ჩვენ რეისები 14%-ით გავზარდეთ და იმედია, ამ კვირის ბოლომდე თბილისის განრიგს კიდევ ორ რეისს დავამატებთ. მომდევნო თვიდან ბათუმის მიმართულებით კიდევ სამ რეისს დავამატებთ. ჯამში, Turkish Airlines-ის ფარგლებში გვექნება 48 რეისი და დამატებით 7 RJ რეისი (რეგიონალური ავიაკომპანიის მიერ შესრულებული რეისი, რომელიც პატარა ზომის ავიახომალდით სრულდება). 55 რეისით ამ სეზონზე საქართველოში 900 000-ზე მეტი ადამიანის გადაყვანას შევძლებთ.
ბაზარზე მოთხოვნა იზრდება. ცხადია, ჩვენ ახლა ვიწყებთ ზაფხულის სეზონს და ვცდილობთ საქართველოში ახალი კლიენტები, ახალი ტურისტები მოვიზიდოთ.
გასულ წელს საქართველოში ტურისტები 121 ქვეყნიდან ჩამოვიყვანეთ და იმედია, ამ რიცხვს და ჩვენს წვლილს საქართველოს ეკონომიკაში გავზრდით“, – განაცხადა ქენან ინჯემ.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ოპერირებადი ქართული და საერთაშორისო ავიაკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, „ტავ ჯორჯიასა” და სამოქალაქო ავიაციის სექტორში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორში მიმდინარე პროცესები, ავიაკომპანიების ოპერირების გაუმჯობესებისა და მგზავრთა მომსახურების სრულყოფის მიზნით მიღებული გადაწყვეტილებები, აგრეთვე არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები. მათ შორის, ხაზი გაესვა რა ქვეყანაში ტურიზმის მნიშვნელობას, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ სხვადასხვა კოორდინირებულ აქტივობასა და თანამშრომლობაზე, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მომსახურების პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას და მიმართული იქნება საერთაშორისო ვიზიტორებისთვის საქართველოს შესახებ პირველი პოზიტიური შთაბეჭდილების შექმნაზე.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული თითოეული ადამიანის გამოცდილება, საქართველოსთან პირველივე შეხებისთანავე საერთაშორისო აეროპორტში იწყებოდეს მაქსიმალური სტუმარ-მასპინძლობით და კეთილგანწყობით. ავიაკომპანიების წარმომადგენლებს გავაცანით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეჯერებული პოზიცია, რომ ხელი შეეწყოს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მომსახურების პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას და ჩამოსულ საერთაშორისო ვიზიტორებს ჩვენი ქვეყნის მიმართ პირველი შთაბეჭდილება მაქსიმალურად პოზიტიური ჰქონდეთ,” – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მინისტრის მოადგილემ შეხვედრა ნაყოფიერად შეაფასა და აღნიშნა, რომ ავიაკომპანიებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან საუბრისას მნიშვნელოვანი იყო მათი მხრიდან იმის ხაზგასმა, რომ მიმდინარე წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო სამოქალაქო ავიაციის სექტორისთვის.
„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სახეზეა განსაკუთრებული ზრდა ჯავშნებსა და ავიაკომპანიების დატვირთულობაში, რაც ცალსახად მიანიშნებს საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში მოგზაურობისადმი ინტერესის ზრდაზე. დარწმუნებულები ვართ, რომ გაზრდილ მოთხოვნასთან ერთად, ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის სექტორი მჭიდრო თანამშრომლობით კიდევ უფრო ახალ წარმატებებს მიაღწევს და ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას,” – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება მიექცა მზადებას ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის. აღინიშნა, რომ 2025 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს აეროპორტები ჯამურად მილიონ-ნახევარზე მეტ მგზავრს მოემსახურა, ხოლო გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 8%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს. ასევე ითქვა, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონის პიკური პერიოდისთვის, ავიარეისები შესრულდება 60 სამგზავრო ავიაკომპანიის მიერ, 118 საჰაერო ხაზზე, კვირაში დაახლოებით 735-740 სიხშირით, რაც დაახლოებით 5-6%-ით მეტი იქნება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში შესრულებულ ფრენებზე.