მთავარი სიახლეები ბათუმში, ევროპის მოედანზე ინვესტორი შენობის მასშტაბის გაზრდას ითხოვს

ბათუმში, ევროპის მოედანზე ინვესტორი შენობის მასშტაბის გაზრდას ითხოვს

371

ბათუმში, ევროპის (ერას) მოედანზე, ყოფილი 1 აფთიაქის შენობის მასშტაბის გაზრდის მოთხოვნით, მფლობელმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიმართა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ამჟამად Jazmini-ს საკუთრებაშია.
როგორც აჭარის ტელევიზია იტყობინება, კომპანიამ სააგენტოს სათათბირო ორგანოს მიწერა, რომ სურს ძეგლის სტატუსი მქონე შენობას შეუნარჩუნოს ისტორიული სახე, მაგრამ გაზარდოს სიმაღლეში.
“დანართის სახით გაწვდით ჩვენი ფირმის, შპს “Jazmini”-ს საკუთრებაში არსებულ, ყოფილი #1 აფთიაქის შენობის ალტერნატიულ პროექტს, რომელიც მოითხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრომ და ბათუმის მერიამ.
ჩვენი კომპანიის სურვილია, შენობას ქონდეს ისტორიული იერსახე და იყოს შეძლებისდაგვარად მაღალი” – წერია წერილში, რომელიც 19 ივნისით თარიღდება და ხელს აწერს კომპანიის წარმომადგენელი გუვენ ქარათაში. წერილს თან ერთვის ფოტო ესკიზი.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მირზა ცეცხლაძე ამბობს, რომ წინასაპროექტო ესკიზი, სააგენტოს დირექტორთან არსებულმა სათათბირო ორგანომ დაიწუნა.
“კომპანიამ შემოიტანა წინასაპროექტო ფოტო ესკიზი შესათანხმებლად, გუშინ განიხილა სპეციალისტებმა და იგი იქნა დაწუნებული, მე სრულიად ვიზიარებ სათათბირო ორგანოს პოზიციას” – ამბობს სააგენტოს ხელმძღვანელი.
მისი განმარტებით, კომპანიას სურს ძეგლის მასშტაბის გაზრდა, რისთვისაც აუცილებელია ხელოვნებათმცოდნეს დასკვნა და სხვა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, როცა ძეგლის მასშტაბების ცვლილებებზე მიმდინარეობს საუბარი.

როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, ინვესტორი ვალდებული იყო 2014 წლის 20 მაისამდე მშენებლობის ნებართვა, არანაკლებ 50 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობაზე მიეღო. მშენებლობის ნებართვის აღებიდან 2 თვის ვადაში კი  მშენებლობა დაეწყო და სასტუმრო ექსპლუატაციაში 24 თვის განმავლობაში შეეყვანა. თუმცა როგორც ირკვევა Jazmini-მ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან პროექტის შეთანხმება ვერ მოახერხა და შესაბამისად ხელშეკრულების დარღვევისთვის კომპანიას კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმები დღემდე ერიცხება.