ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, რომელსაც ტავ ჯორჯია მართავს, ზაფხულის აქტიური ტურისტული სეზონის პიკისთვის მზადების ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და გაფართოების სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. დღეს, 25 ივნისს, ტავ ჯორჯიას გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ აღნიშნული სამუშაოები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილს და აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს ადგილზე გააცნო. ტავ ჯორჯიას ინვეტიციით მიმდინარე პროექტი აეროპორტის გამტარუნარიანობის გაზრდას და მგზავრებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას ისახავს მიზნად.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის არსებულ 8,000 მ²-ს დახლოებით 1000 მ² ფართობის ახალი სივრცეები ემატება, რომელიც მოიცავს, როგორც საოპერაციო ასევე ადმინისტრაციულ ზონებს – სხვადასხვა ზონაში მიმდინარე და განხორციელებული სამუშაოების ერთობლიობა კი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობას ჯამში 22-25%-მდე ზრდის.
სარეგისტრაციო ზონაში არსებული დახლების რაოდენობა 14-დან 18-მდე იზრდება, რაც დააჩქარებს რეგისტრაციის პროცესს. ასევე პროექტის ფარგლებში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის საზღვრის კონტროლის ზონაში საპასპორტო შემოწმების ჯიხურების რაოდენობა 5-მდე იზრდება, რაც საერთო ჯამში გასასვლელების რაოდენობას 8-დან 10-მდე გაზრდის. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს საემიგრაციო პროცედურებისთვის საჭირო დროს.
უკვე დასრულებულია Duty Free ზონის გაფართოების სამუშაოები. განახლებული სავაჭრო ზონა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო, ის სრულად არის დატვირთული პროდუქციით და უკვე ემსახურება მგზავრებს.
ტერმინალის მომიჯნავე შენობაში, 450 მ2 ფართობზე დასრულდა ადმინისტრაციული ოფისების სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა. ადმინისტრაციული პერსონალის ახალ სამუშაო სივრცეში გადაყვანა ტერმინალის შიგნით არსებულ საოპერაციო სივრცეს გაზრდის.
ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს გამგზავრების ზონის შესასვლელისა და საპასპორტო კონტროლის ზონების გაფართოების სამუშაოები. ასევე, მოხდება საბარგო კარუსელების დაგრძელება და მოდერნიზება. ყველა სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაო სრულად შეესაბამება საერთაშორისო საავიაციო სტანდარტებს.