დღეს ბათუმის მერსა და აზერბაიჯანული ავიაკომპანია AZAL-ის პრეზიდენტს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ლაშა კომახიძემ და ჯაჰანგირ ასკეროვმა ბაქო-ბათუმის მიმართულებით რეგულარული ავიარეისების დაწყების საკითხები შეაჯერეს, რომელიც 14 ივნისიდან განხორციელდება. ამ მიმართულებაზე ფრენებს აზერბაიჯანის სახელმწიფო ავიაკომპანია AZAL-ის შვილობილი Buta Airways-ი განახორციელებს.
ჯაჰანგირ ასკეროვის თქმით, ბაქო-ბათუმის მარშრუტის ფრენები კვირაში ორჯერ განხორციელდება. ავიარეისების რიცხვის გაზრდა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დადებითად აისახება ტურისტული ნაკადის მატებასა და რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაზე. თავის მხრივ, ბათუმის მერმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანისა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას ყველა სფეროში, მათ შორის, სატრანსპორტო მიმართულებით.
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე.