კომპანია „ორბი ჯგუფი მილენიუმმა“, რომელსაც ბათუმში მრავალფუნქციური კომპლექსი უნდა აეშენებინა, თავდაპირველი კონცეფცია შეცვალა და უფრო მასშტაბური პროექტის განხორციელება გადაწყვიტა. ამიტომ ინვესტორმა სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების გადახედვა მოითხოვა, რაც თავის მხრივ პროექტის კორექტირებასთან ერთად, სამშენებლო ვადების გადახედვასაც ითვალისწინებდა.
2016 წელს „ორბი ჯგუფი მილენიუმმა“ პირობებიან აუქციონზე ბათუმში, კახაბრის დასახლებაში მდებარე 32 249 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეიძინა, რაშიც 9.3 მლნ ლარი გადაიხადა. არსებული ხელშეკრულების მიხედვით, ინვესტორმა ვალდებულება აიღო, რომ ტერიტორიაზე 2021 წლის 6 მაისამდე მინიმუმ 350 ნომრიან სასტუმროს ააშენებდა. შეძენილი მიწის ნაკვეთის 50%-ზე კი ტურისტულ რეკრეაციულ ზონას შექმნიდა.
პროექტის განხორციელებისთვის კი „ორბი ჯგუფი მილენიუმმა“ 40 მლნ დოლარის ინვესტორების ვალდებულება აიღო.
ახალი პროექტის დამტკიცებამდე ინვესტორმა სამუშაოები შეაჩერა და შესაბამისად გარკვეული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის 2 152 950 ლარის პირგასამტეხლო ერიცხება.
როგორც ირკვევა, პროექტის კონცეფციის ცვლილების გამო „ორბი ჯგუფი მილენიუმს“ მის კუთვნილ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური შენობის სიმაღლესთან მიმართებაში შეექმნა პრობლემა.
კონკრეტულად კი „საქაერონავიგაციის“ მიერ განმეორებით იქნა განხილული „ორბი ჯგუფი მილენიუმის“ მოთხოვნა დასახლება კახაბერში მდებარე 32 249 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ასაშენებელი შენობის სიმაღლის დადგენის თაობაზე.
შედეგად „საქაერონავიგაციამ“ კომპანიას აცნობა, რომ მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ასაშენებელი შენობის მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს ზღვის საშუალო დონიდან 138 მეტრს. (EGM 96 სისტემაში) „საქაერონავიგაციამ“ „ორბი ჯგუფი მილენიუმს“ ასევე აცნობა, რომ საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე ასაშენებელი შენობის განლაგება ხვდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის დაბრკოლებებისაგან შემზღუდველი შიდა ჰორიზონტალური ზედაპირის გავრცელების ფარგლებში და მასზე ობიექტის დასაშვები სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს ზღვის დონიდან 50 მეტრს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საჰაერო კოდექსის 41-ე მუხლის თანახმად, ბათუმის აეროდრომის რაიონში მშენებლობა უნდა შეთანხმდეს აეროდრომის ექსპლოატაციის განმახორციელებელ პირთან – შპს „ბათუმის აეროპორტთან“, რაზეც კონსულტაციები უკვე დაწყებულია.
აჭარის მთავრობამ „ორბი ჯგუფი მილენიუმის“ საკითხი განიხილა და კომპანიას პროექტის განხორციელებისა და დასრულების ვადები დაუკორექტირა. მთავრობის გადაწყვეტილებით ინვესტორმა არაუგვიანეს 2022 წლის 30 ოქტომბრისა მრავალფუნქციური შენობა-ნაგებო(ბე)ბის ექსპლუატაციაში მიღება უნდა უზრუნველყოს. ასევე, აპარტამენტების მშენებლობის დაწყების შემთხვევაში აღნიშნულ ვადაში აპარტამენტებისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის ექსპლოატაციაში მიღება მოახდინოს.