ბათუმი ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-12 საერთაშორისო გამოფენა EXPO BATUMI TRAVEL-სა და საერთაშორისო სამედიცინო ტურიზმის მე-2 გამოფენა EXPO MED BATUMI 2019-ს მასპინძლობს.
ორივე გამოფენა 10 მაისს საერთაშორისო საგამოფენო კომპანია GEONET EXPO-ს ორგანიზატორობით სასტუმრო “შერატონში” გაიხსნება და სამ დღეს გასტანს.
როგორც GEONET EXPO-ში განმარტავენ, გამოფენა მასშტაბურია, ის წლიდან წლამდე უფრო მიმზიდველი და შედეგის მომტანი ხდება.
“ჩვენი გამოფენების ძირითადი მიზანია ქვეყანაში სამედიცინო ინოვაციების დანერგვა, ტურიზმის სფეროების განვითარება, კონფერენციების, სემინარების, საინფორმაციო ტურების მოწყობა. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია გამოფენებს მართავს არასეზონზე, რაც ჩვენს რეგიონში ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს. კომპანიის მთავარი მიზანია საქართველოში, კერძოდ აჭარაში საერთაშორისო გამოფენების ორგანიზება კონფერენციების ჩატარება და ახალი კონტაქტების დამყარება. ეს კი ისევ და ისევ ხელს უწყობს კავკასიისა და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციას”, – აცხადებენ GEONET EXPO-ში.
EXPO BATUMI TRAVEL-სა დ EXPO MED BATUMI 2019-ში წარმოდგენილნი იქნებიან ადგილობრივი და უცხოური კომპანიები უკრაინიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან, ირანიდან, აზერბაიჯანიდან, გერმანიიდან, ბელორუსიდან, ჰოლანდიიდან, პოლონეთიდან, ლიეტუვადან, ლატვიიდან, ესტონეთიდან.
გამოფენების მხარდამჭერები არიან: აჭარის მთავრობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ბათუმის მერია, აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატა, ბათუმის ავტოტრანსპორტი და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია.