ავსტრალიის აეროპორტში, ბარგის ჩამტვირთავი პირების მიმართ გამოძიება დაიწყო. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა გავრცელებული ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ ბარგის დატვირთვაზე პასუხისმგებელი პირები ჩემოდნებს საბარგო ლენტზე განზრახ, ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით ისვრიან. ვიდეოში ასახულია, რომ ზოგიერთ ჩანთას იმდენად ძლიერად ისვრიან, რომ ისინი საბარგო ლენტიდან ცვივა.
Qantas-ის სპიკერმა გავრცელებული ჩანაწერის კომენტირებისას მომხდარს სრულიად მიუღებელი ფაქტი უწოდა და აღნიშნა, რომ ფაქტის შესწავლა დაუყოვნებლივ დაიწყო.
მელბურნის აეროპორტში სახმელეთო მომსახურების მიწოდებაზე Qantas-ის კონტრაქტორია Swissport-ი, რომლის სპიკერმა აღნიშნა, რომ გამოძიების დასრულებამდე, ვიდეოჩანაწერში ასახულ პირებს უფლებამოსილება შეუჩერდათ. მისი თქმით, კომპანია მნიშვნელოვან ძალისხმევას სწევს, რათა მისი თანამშრომლები მომხმარებელს თავაზიანად მოემსახურონ.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა Swissport Australia-ის თავმჯდომარე ბრედ მურმა, რომელმაც თანამშრომლები სერიოზული დისციპლინური სასჯელის შესახებ გააფრთხილა.