Azimuth Airlines-ის მიწისზედა მომსახურებას კომპანია Aero Handling Georgia განახორციელებს, – ამის შესახებ განცხადებას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ.

„თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia განმარტავს, რომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვის გაცემა ავიაკომპანიებზე მის კომპეტენციას არ განეკუთვნება. აღნიშნულ ნებართვებს გასცემს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
TAV Georgia ავიაკომპანიებს აწვდის სხვადასხვა სერვისს, მათ შორისაა მიწისზედა მომსახურება (ე.წ Ground Handling).
მედიასაშუალებების ინტერესის გათვალისწინებით, განვმარტავთ, რომ Azimuth Airlines-ის შემთხვევაში მიწისზედა მომსახურებას განახორციელებს კომპანია Aero Handling Georgia“, – აცხადებენ TAV Georgia-ში.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით შპს აერო ჰენდლინგ ჯორჯია 2023 წლის 21 აპრილს დაფუძნდა. კომპანიის დირექტორია დავითი კვარაცხელია, რომელიც იმავდროულად კომპანიის 60%-ს ფლობს. კომპანიის 40%-იანი წილის მფლობელი კი დავით წივწივაძეა.