აზერბაიჯანული ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ი (AZAL) თებერვალში რამდენიმე მიმართულებით ფრენებს, დროებით, აჩერებს. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ავიაკომპანია დროებით უარს ამბობს ბაქოდან ბერლინის, პარიზის და მილანის მიმართულებით ფრენების განხორციელებაზე.
AZAL-ში განმარტავენ, რომ აღნიშნულ მიმართულებებზე უარის თქმა კომპანიას დაბალი მოთხოვნის გამო მოუხდა, თუმცა პირობას დებენ, რომ ფრენებს მარტიდან აუცილებლად განაახლებენ.
ადრე ავიაკომპანიამ დროებით შეაჩერა ასევე ბაქო-პეკინი-ბაქოს ავიარეისიები, რაც ასევე დაბალ მოთხოვნას დაუკავშირა.
ავიაკომპანია თებერვალში ასევე წყვეტს ბაქოდან ჟენევას მიმართულებით ავიარეისებსაც, ბოლო ფრენა ჟენევის მიმართულებით 11 თებერვალს განხორციელდება. ავიაკომპანიაში ვერ აკონკრეტებენ თუ როდის განახლდება აღნიშნულ მიმართულებაზე ავიარეისები.
გასული წლის მსგავსად თებერვალში AZAL-ი ფრენებს შეაჩერებს ნიუ იორკის მიმართულებითაც, თუმცა რეისებს ერთი თვის შემდეგ აუცილებლად განაახლებს.