ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში, კომპანია, რომელიც საკუთარ მომხმარებლებს შეკვეთებს დრონის საშუალებით აწვდიდა, იძულებული გახდა მუშაობა ნაწილობრივ შეეჩერებინა. ამის მიზეზი კი უპილოტო საფრენ აპარატებზე ფრინველების თავდასხმა გახდა.
Wing-ი, კომპანია Alphabet-ის შვილობილი კომპანია, კამბერაში შეკვეთის დრონებით მიწოდებას 2019 წლიდან ახდენს, თუმცა მიმდინარე წლის 28 სექტემბერს იძულებული გახდა გარკვეულ რაიონებში მუშაობა შეეწყვიტა, რადგანაც მის კუთვნილ დრონებს ყორნები ესხმოდნენ თავს, რომლებიც თავის მხრივ საკუთარ ბუდეებს იცავდნენ. დრონებზე დაფიქსირდა ასევე ქორებისა და არწივების თავდასხმები.
ავსტრალიის დედაქალაქში, კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, მოსახლეობა ხშირად უკვეთავს პროდუქტებს იმ კომპანიებს, რომლებიც უპილოტო საფრენ საშუალებებს იყენებენ.
ყორნის მიერ დრონზე თავდასხმის ერთ-ერთი ფაქტი გადაიღო ადგილობრივმა მცხოვრებმა, რომელიც ყოველ დილით კომპანიას ყავის მიწოდებას უკვეთავს.
ორნიტოლოგები აღნიშნავენ, რომ კორვიდების წარმომადგენლებს ძალიან განვითარებული აქვთ ინსტინქტები დაიცვან თავიანთი ტერიტორია და ხშირად ესხმიან თავს სხვა ცხოველებს.