ავიაციის სექტორის საწყის ნიშნულამდე დაბრუნება მარტივი არ იქნება, აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრე გაჩეჩილაძე. 

სააგენტოს დირექტორის მოადგილე განმარტავს, რომ ამ ეტაპზე ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგანაც COVID-19-ის პანდემია დასრულებული არ არის. გაჩეჩილაძე ფიქრობს, რომ ფრენების აღდგენიდან დაახლოებით 1 წლიანი პერიოდი დასჭირდება ავიაციას, რათა მეტ-ნაკლებად აქტიურ ფაზაში შევიდეს.

“ეს იქნება საკმაოდ რთული გზა. ჩვენ რეგულარულად ვეცნობით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზებს. ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პროგნოზები და რეალობაში რა სურათი გვექნება ამას მომავალი გვიჩვენებს. ამ ეტაპზე რაიმე ციფრები, ან რაიმის პროგნოზირება რთულია, თუმცა ვვარაუდობ, რომ მინიმუმ 1 წლიანი პერიოდი მაინც იქნება საჭირო მეტ-ნაკლებად აქტიურ ფაზაში შევიდეს გადაყვანა-გადაზიდვების წარმოება, რეგულარული ფრენების განახლება. ვიმეორებ, რომ ეს იქნება დამოკიდებული თუ როგორ განვითარდება ეპიდემიოლოგიური ვითარება და როდესაც გამოიკვეთება კონკრეტული კონტურები რეგულარული ფრენების აღდგენის კუთხით მაშინ უფრო რეალური, კონკრეტული პროგნოზების გაკეთების საშუალება გვექნება”, აცხადებს გაჩეჩილაძე.