ავიაციაში დასაქმებული პირები COVID-19-ის ვაქცინაციის პროცესში ერთ-ერთ პრიორიტეტულ კატეგორიად უნდა იყვნენ მიჩნეულნი, აცხადებენ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციაში (IATA).

ორგანიზაციამ მთავრობების მიმართ შესაბამისი მოწოდება კიდევ ერთხელ გააკეთა. რეზოლუცია IATA-ს 76-ე წლიურ შეხვედრაზე ერთხმად მიიღეს.

დღეისთვის საწინააღმდეგო ვაქცინით, პირველ რიგში, ექიმები და რისკ-ჯგუფებში შემავალი პირები იცრებიან. „ჩვენ არ ვითხოვთ, რომ ავიაციის მუშაკები სიის თავში იყვნენ, მაგრამ მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ მათი ინტერესები მაშინ, როდესაც ვაქცინის დანერგვის გეგმები იქნება შემუშავებული“, – განაცხადა IATA-ს გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე დე ჟუნიაკმა.

მისივე განცხადებით, COVID-19-ის ვაქცინების ტრანსპორტირება უკვე დაწყებულია, გათვლები კი აჩვენებს, რომ მისი გლობალური დისტრიბუციისთვის საჭიროა ბოინგ-747 სატვირთო თვითმფრინავის ეკვივალენტი 8 ათასი ხომალდი.