ავიაკომპანიის სერტიფიცირების წესებში ცვლილებები შევიდა. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, “საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილებები შევიდა.

✔ წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით:
დაუშვებელი ხდება საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის დანართებში იმ საჰაერო ხომალდის შეტანა, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში იმყოფებოდა იმ ექსპლუატანტის ოპერირების ქვეშ, რომელიც ამავე პერიოდში მოხვედრილი იყო ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2005 წლის 14 დეკემბრის №2111/2005 („იმ ავიაგადამზიდველების სიის ჩამოყალიბების თაობაზე, რომელთაც აკრძალული აქვთ საჰაერო მიმოსვლის განხორციელება გაერთიანების ფარგლებში“) რეგულაციით განსაზღვრულ სიაში (ე.წ. “შავი სია“). აღნიშნული ცვლილების მიზანია, იმ საჰაერო ხომალდების ბაზარზე არ დაშვება, რომელთა ექსპლუატაციას ახორციელებს საეჭვო საავიაციო უსაფრთხოების მქონე ავიასაწარმო. ამასთან, ცვლილების დანერგვით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო დამატებით ასრულებს ევროკავშირის ვალდებულებებს (EU 965/2012);

✔ ავიაკომპანიებზე ზედამხედველობის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, იზღუდება და მკაცრდება „ეკიპაჟიანი იჯარით“ საჰაერო ხომალდების სხვა სახელწიფოში რეგისტრირებული ექსპლუატანტისთვის გადაცემის პირობები. კერძოდ, იკრძალება სხვა ქვეყნის ექსპლუატანტისთვისეკიპაჟიანი იჯარით“ სერტიფიკატის №1 დანართში შეტანილი საჰაერო ხომალდების გადაცემა, თუ სრულდება სამივე ჩამოთვლილი პირობა:

ა) „ეკიპაჟიანი იჯარით“ გადაცემის ვადა 12 კალენდარული თვის განმავლობაში აღემატება 6 თვეს;
ბ) „ეკიპაჟიანი იჯარით“ გადაცემა იწვევს საჰაერო ხომალდის ბაზირებას საქართველოს ფარგლებს გარეთ;
გ) გადაცემული საჰაერო ხომალდების რაოდენობა აღემატება №1 დანართში შეტანილი საჰაერო ხომალდების რაოდენობის 50 პროცენტს.

აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა წარმოადგენს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის შეჩერების საფუძველს.

✔ ICAO-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, იზრდება სერტიფიკატის მოქმედების ვადა 2 წლამდე. ასევე, იცვლება სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე სააგენტოში განაცხადის შემოტანის ვადები, რაც ავიაკომპანიებს საშუალებას მისცემთ, ნაკლებად სტრესულ რეჟიმში გამოასწორონ გამოვლენილი ნაკლოვანებები და ამასთან უფრო ადრე დაიწყონ მზადება სერტიფიკატის ვადის გაგრძელების პროცესისთვის. იცვლება ასევე ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართში ახალი ტიპის საჰაერო ხომალდის დამატებისათვის სააგენტოში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა და ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების პირობები.

,,საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ ცვლილებები გამოქვეყნებისთანავე, მიმდინარე წლის 25 ივნისიდან მოქმედებს. ცვლილებების პროექტის შესახებ, ავიაკომპანიებს ცირკულარის მეშვეობით მიმდინარე წლის 5 ივნისს ეცნობათ. შენიშვნებისა და წინადადებების წარმოდგენა შესაძლებელი იყო 14 ივნისის ჩათვლით, ხოლო წესში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, ინდუსტრიასთან სამუშაო შეხვედრა 18 ივნისს ჩატარდა.

გარდა წარმოდგენილი ცვლილებებისა, მორალურად მოძველებული ტექნიკის ექსპლუატაციიდან ეტაპობრივად ამოღების, საავიაციო ფლოტის ეტაპობრივი განახლებისა და ახალ ტექნიკაზე გადასწავლების გზით, ავიასპეციალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განიხილავს ექსპლუატანტის სერტიფიკატის დანართებში შესატანი საჰაერო ხომალდების ასაკობრივ შეზღუდვის დაწესების სხვადასხვა მოდელს და შესაძლებლობას.