COVID-19-ის გამო მგზავრისა და ავიაკომპანიის ურთიერთობის წესში ცვლილებები შევა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან კარანაძის განმარტებით, ცვლილებათა პაკეტზე სააგენტომ მუშაობა უკვე დაასრულა და ახლა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა მის კიდევ უფრო დახვეწაზე.
“ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი ავიაკომპანიების ლიკვიდობის შენარჩუნებისათვის. ერთ-ერთი ყველაზე დიდი წნეხი ავიაკომპანიებისათვის არის საზღაურის დაბრუნება, ან კომპენსაციის გადახდა. რეგულაციებზე, რომელიც საუბარია არის ევრორეგულაცია, რომლის ანალოგიც წლების წინ ჩვენთან უკვე ადაპტირებული და დანერგილია. უნდა გვესმოდეს, რომ საუბარი არ არის მხოლოდ ევროკავშირის მასშტაბზე, ამ მიმართულებით გლობალურადაცაა მოთხოვნა. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციასთან. იყო მათი მხრიდან ოფიციალური წერილები გამოგზავნილი იმ მოთხოვნით, რომ COVID-19 კრიზისიდან გამომდინარე გადახედილ იქნეს არსებული პოლიტიკა, რათა კომპანიებისათვის კომპენსაციების გაცემის მიმართულებით გარკვეული შეღავათები ყოფილიყო დაწესებული. მართებულად მიგვაჩნია, რომ ამ კრიზისულ პერიოდში ავიაკომპანიებს მივცეთ საშუალება იმისათვის რომ ბიზნესმა მოახდინოს გადარჩენა და ეს დამატებითი წნეხი როგორმე შევუმსუბუქოთ, დამუშავებული გაქვს უკვე ცვლილების პროექტი. ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ ამ საკითხის საბოლოო შეჯერებაზე.
შედეგად, ამ კრიზისულ პერიოდში ავიაკომპანიებს კომპენსაციის გადახდის ვალდებულება, დროებით, აღარ ექნებათ. საუბარია მხოლოდ ბილეთში გადახდილი თანხის ანაზღაურებაზე. და ჩვენ ვაძლევთ საშუალებას ავიაკომპანიებს, რომ ფრენების აღდგენიდან 2 თვის შემდეგ მგზავრს ბილეთში გადახდილი საზღაური დაუბრუნოს, ან შესთავაზოს ალტერნატიული თარიღი ან ალტერნატიული მარშრუტი”, განაცხადა “ბიზნეს პარტნიორთან” საუბრისას ლევან კარანაძემ.