ქართული ავიაკომპანია “თი სი ეი”-ს ავიაპარკს მალე HAWKER 800XP შეემატება. აღნიშნული საჰაერო ხომალდი უნიკალური არის იმით, რომ მას ამბულანს ფრენების განხორციელებაც შეეძლება.
HAWKER 800XP, რომელსაც ექსპლუატაციას “თი სი ეი” გაწევს, საქართველოში უახლოეს პერიოდში, შესაძლოა მომავალ კვირაშიც ჩამოვიდეს.
ავიაკომპანიამ აღნიშნული საჰაერო ხომალდი დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი სალიზინგო კომპანიისგან აიღო. თვითმფრინავის ჩამოყვანის შემდეგ, დაიწყება მისი რეგისტრაციის პროცედურები და ფრენის ვარგისობის სერტიფიკატის მიღების შემდეგ ოპერირებასაც შეუდგება.
“ეს გახლავთ საჰაერო ხომალდი, ცვალებადი კონფიგურაციით. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ბიზნეს დანიშნულებით ფრენების განსახორციელებლად, ასევე სამედიცინო – საევაკუაციო გადაყვანა/გადაზიდვებისათვის. საჰაერო ხომალდის გადაწყობა/აღჭურვა საჭიროებიდან გამომდინარე დროის თვალსაზრისით სულ რაღაც 2 საათში არის შესაძლებელი.
ავიაკომპანია “თი სი ეი“ საჰაერო ხომალდის ჩამოყვანის ძირითად დანიშნულებად მოიაზრებს სამედიცინო – საევაკუაციო გადაყვანა/გადაზიდვებს, რადგან ამიერკავკასიის რეგიონში, ასეთი სახის საჰაერო ხომალდი არ არის.
2019/2020 წლის სტატისტიკური მონაცემებით საქართველოდან საშუალოდ 100-მდე სამედიცინო დანიშნულების გადაყვანა განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით. თუმცაღა ის მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის არ მოიაზრება, რადგან ავიაკომპანია სხვადასხვა ქვეყნებში პარტნიორებთან ამ მიმართულებით მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს”, განუცხადეს AviaNews-ს ავიაკომპანია “თი სი ეიში”.
დღეისათვის საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრი ოთხს თვითმფრინავს აერთიანებს, რომელის ექსპლუატანტიც ავიაკომპანია “თი სი ეი“-ა.