ავიაკომპანია “თი სი ეი” (TCA) Aero Georgia Group-ის დამფუძნებელს იგორ აფციაურს პასუხობს და მას ფაქტების დამახინჯებაში ადანაშაულებს.

საქმე ეხება იგორ აფციაური იდეას სახელმწიფო ავიაციის შექმნის აუცილებლობასთან დაკავშირებით. ეს საჭიროება Aero Georgia Group-ის დამფუძნებელს COVID-19-მა და მისგან გამოწვეულმა შედეგმა დაანახა. ამავდროულად აფციაური იხსნებს საქართველოში გახშირებული ხანძრების ფაქტებს და ამბობს, რომ საქართველოს რეესტრში მყოფი არცერთი ვერტმფრენი არ იმყოფებოდა ადგილზე და ქვეყანას 2-ჯერ მეტი დაუჯდა თურქული და აზერბაიჯანული ვერტმფრენების ჩამოყვანა.

ავიაკომპანია “თი სი ეი”-ში ამბობენ, რომ ცეცხლის ჩაქრობის საქმიანობაში ინტენსიურად, სრულიად უანგაროდ იღებდა მონაწილეობას ავიაკომპანია “თუშეთი” და ქვეყნისა და ქვეყნის ბუნების გადარჩენაში ამხელა წვლილის შეტანის უგულებელყოფა უსამართლობაა.

კომპანია იგორ აფციაურს მიმართავს და იმდროინდელ რეალობას შეახსენებს.

“2017 წელს საქართველოში სტატისტიკის მიხედვით, ტყის ხანძრების 494 შემთხვევა დაფიქსირდა.

იმ დროისათვის კერძო ავიაკომპანია “თუშეთი“-ს ხელმძღვანელის, ბატონი ზაურ ქორთოშიძის პირადი ინიციატივით, გადაწყვეტილებითა და ეკიპაჟის წევრების თანადგომით, აბსოლუტურად უსასყიდლოდ, ყოველგვარი ფინანსური სარგებლისა და ხარჯების დაფინანსების გარეშე, ყოველგვარი სახელმწიფო და პირადი (ფიზიკური პირების) დაკვეთის გარეშე ავიაკომპანიამ მი-8ტ ტიპის შვეულმფრენით მოახდინა საჰაერო სახანძრო სამაშველო მოქმედებების ჩატარება .

ბატონო იგორ, ავიაკომპანია “თი სი ეი”-ს ხელმძღვანელი ბატონი ზაურ ქორთოშიძე, ასევე ავიაკომპანია “თუშეთი“-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, იმ პერიოდისათვის, როგორც მოგეხსენებათ იკავებდა ავიაკომპანიის  დირექტორის თანამდებობას და თვლის, რომ დაუშვებელია ჩვენი სამშობლოს, დედაბუნების გადარჩენის მცდელობისათვის სამუშაოების  შესრულების თვალსაზრისით, ამხელა საქმის უგულებელყოფა, იმ პირობებში, როდესაც ამას უანგაროდ მხოლოდ და მხოლოდ სამშობლოსათვის დიდი სიყვარულით აკეთებდა და აკეთებს. აქვე გვინდა დავძინოთ, რომ ყველასათვის ცნობილი ფაქტია, ავიაკომპანია ყოველთვის მოქმედებდა და მოქმედებს ჩვენი სამშობლოს  საკეთილდღეოდ. ავიაკომპანია “თუშეთ“-ს მცირედი ყურადღებაც არ მოუთხოვია ამ ქმედების სანაცვლოდ, მაგრამ ფაქტების თქვენი განცხადებით დადასტურებით უგულებელყოფა უხერხულია თქვენი მხრიდან და მიუღებელია ჩვენთვის, იმ პირობებში, როდესაც იმ დროისათვის თქვენ იკავებდით სსიპ- სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას.

ვიმედოვნებთ, ამგვარ ფაქტებს, შემდგომისათვის გამოიყენებთ ჩვენი სამშობლოსათვის ბიზნესს ოპერატორების მოტივაციის ამაღლების მიზნით”, აღნიშნულია ავიაკომპანია “თი სი ეი”-ს განცხადებაში, რომლის დამფუძნებელიც ზაურ ქორთოშიძეა.