ავიაკომპანია Latam-ის თვითმფრინავი, რომელიც ამერიკიდან ჩილეში მიფრინავდა, იძულებული გახდა პანამაში, ერთ-ერთი პილოტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ავარიულად დაშვებულიყო. სამედიცინო დახმარების მიუხედავად, პილოტი გარდაიცვალა.
„რეისი 505, რომელიც მიფრინავდა მაიამი-სანტიაგოს მარშრუტზე, იძულებული გახდა კურსი შეეცვალა და პანამაში, ტოკუმენის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებულიყო“, – განმარტავენ ავიაკომპანიაში. ავიაკომპანია ხაზს უსვამს, რომ პილოტის სიცოცხლის გადასარჩენად პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა საჭირო ქმედება განხორციელდა. „თუმცა, მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, პილოტი გარდაიცვალა“, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.
ავიაკომპანიას არ უთქვამს, რამ გამოიწვია მფრინავის ჯანმრთელობის გაუარესება, რომელიც Latam-ში 25 წელი მუშაობდა. რადიოსადგურ Bío-Bío-ს ცნობით, ის იყო ხომალდის მეთაური.