ავიაკომპანია Geosky 2026 წელს სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის — ავიაციის პოპულარიზაცია და ახალგაზრდა თაობის პროფესიული მხარდაჭერა ავიაციის ინდუსტრიაში — ფარგლებში აგრძელებს საგანმანათლებლო და კულტურული ინიციატივების მხარდაჭერას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ავიაციის ცნობადობის ამაღლებას, ეროვნული საავიაციო მემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და მომავალი თაობისთვის პროფესიულ განვითარებაში ხელშეწყობას.

პროექტის ფარგლებში, ავტორ რამაზ ბლუაშვილსა და ავიაკომპანია Geosky-ს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ავიაკომპანია გახდა წიგნის ქართველი — მოგზაურობა დროსა და კოსმოსში გამოცემის პარტნიორი და მხარდამჭერი. წიგნში არსებული ინფორმაცია წარმოადგენს მრავალწლიანი კვლევის, ისტორიული მასალებისა და უნიკალური ფაქტების ერთობლიობას, რომელიც მკითხველს ავიაციისა და კოსმოსის ისტორიას ქართულ კონტექსტში აცნობს.

 

წიგნი ეფუძნება 21 წლის განმავლობაში შეგროვილ მასალებს ალექსანდრე ქართველის შესახებ — ქართველი წარმოშობის ავიაკონსტრუქტორის, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მსოფლიო ავიაციის განვითარებაზე და განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ავიაციის ისტორიაში. მის მიერ შექმნილი ინოვაციური საჰაერო ხომალდები დღემდე მიიჩნევა საავიაციო ინჟინერიის მნიშვნელოვან მიღწევებად, ხოლო მისი პროფესიული მემკვიდრეობა ახალგაზრდა თაობისთვის შთაგონებისა და მიზანდასახულობის სიმბოლოდ რჩება.

წიგნში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ქართული მრავალხმიანი საგანძურის — „ჩაკრულოს“ — ისტორიას, რომელიც NASA-ს კოსმოსურ მისიასა და „ვოიაჯერის“ ოქროს დისკთან არის დაკავშირებული. წიგნი აერთიანებს ავიაციას, კოსმოსს, მეცნიერებასა და ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას, რაც ახალგაზრდა თაობისთვის უნიკალური საგანმანათლებლო და მამოტივირებელი მნიშვნელობის არის.

რამაზ ბლუაშვილი მეცნიერების, ავიაციისა და კოსმოსის ისტორიის განსაკუთრებული მოყვარული და ამ მიმართულების აქტიური პოპულარიზატორია. პროექტის იდეა სიმბოლურად სწორედ ავიაციისა და კოსმოსის გადაკვეთის შედეგად ჩამოყალიბდა — ავტორის მიერ გადაღებულ ფოტოგრაფიულ კადრში შემთხვევით დაფიქსირებული Geosky-ის სატვირთო საჰაერო ხომალდი შემდგომში იქცა იმ თანამშრომლობის საწყისად, რომელმაც წიგნის გამოცემის ინიციატივა გააერთიანა.

ავიაკომპანია Geosky-სთვის ავიაცია მხოლოდ ოპერაციული საქმიანობა არ არის — იგი წარმოადგენს ცოდნის, ისტორიის, ტექნოლოგიური პროგრესისა და მომავალი თაობების განვითარების სივრცეს. სწორედ ამ ხედვას ეფუძნება ავიაკომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამებიც.

შეგახსენეთ, რომ 2019 წლიდან ავიაკომპანია სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად აფინანსებს სამი წარჩინებული საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტის განათლებას სტიპენდიური პროგრამის ფარგლებში. ამასთანავე, ავიაკომპანია Geosky აქტიურად თანამშრომლობს საავიაციო ტექნიკური და საინჟინრო მიმართულებების სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან, რომლებსაც შესაძლებლობა ეძლევათ პრაქტიკული სტაჟირება უშუალოდ აეროპორტის ტექნიკურ და ოპერაციულ გარემოში გაიარონ.

პრაქტიკული პროგრამების წარმატებით დასრულების შემდეგ, გამორჩეულ და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ პროფესიული საქმიანობა უკვე ავიაკომპანიაში გააგრძელონ, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში ახალი თაობის საავიაციო სპეციალისტების განვითარების მიმართულებით.

Geosky მიიჩნევს, რომ ავიაციის ისტორიის, განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის მხარდაჭერა ქმნის საფუძველს იმ მომავლისთვის, სადაც ახალი თაობა კიდევ უფრო აქტიურად იქნება ჩართული საავიაციო და კოსმოსური ინდუსტრიის განვითარებაში.