უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილის, ჟასურბეკ ჩორიევის განცხადებით, მიმდინარე წლის ივლისში „ახალი ტაშკენტის“ საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა დაიწყება. ახალი საავიაციო ჰაბის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ქვეყნის მოქმედი აეროპორტის დახურვა იგეგმება. პროექტი სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის პრინციპით ხორციელდება და მასში ჩართულია მსხვილი საერთაშორისო კონსორციუმი, რომლის შემადგენლობაშიც საუდის არაბეთის, იაპონიის, სამხრეთ კორეისა და უზბეკეთის კომპანიები შედიან.
ახალი აეროპორტი ტაშკენტის ოლქში, 1,3 ათას ჰექტარ ფართობზე განთავსდება. პროექტი ოთხ ეტაპადაა დაყოფილი, რომელთაგან პირველი ფაზის ღირებულება 2,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, საჰაერო ნავსადგური შეძლებს წელიწადში 20 მილიონამდე მგზავრისა და 129 ათასი ტონა ტვირთის მომსახურებას. ტექნიკური მონაცემებით, აეროპორტში საათში 30-მდე ასაფრენ-დასაფრენი ოპერაციის შესრულება და ერთდროულად 62 თვითმფრინავის განთავსება იქნება შესაძლებელი.
ინფრასტრუქტურული გეგმა ასევე ითვალისწინებს ახალი ჰაბის დაკავშირებას ქალაქის ცენტრთან და სხვა რეგიონებთან. დაგეგმილია ფასიანი ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა სამარყანდის, ანდიჟანისა და ბოსტანლიკის მიმართულებით, ასევე მაღალსიჩქარიანი მატარებლებისა და შატლების გაშვება ტაშკენტის ცენტრსა და ახალი აეროპორტის რაიონს შორის.
თანამედროვე საავიაციო ინფრასტრუქტურის საჭიროება მგზავრთნაკადის მკვეთრმა ზრდამ განაპირობა, რომელიც ბოლო რვა წლის განმავლობაში გასამმაგდა და წელიწადში 9 მილიონ ადამიანს მიაღწია. მოქმედი აეროპორტი, რომელიც ქალაქის ფარგლებში მდებარეობს, მაქსიმუმ 11 მილიონ მგზავრზეა გათვლილი. პროგნოზების თანახმად, 2029 წლისთვის არსებული რესურსი სრულად ამოიწურება, ხოლო 2040 წლისთვის ტაშკენტში მგზავრთა რაოდენობა 24 მილიონს გადააჭარბებს, რასაც მხოლოდ ახალი, მასშტაბური აეროპორტი გაუმკლავდება.












