ავიაკომპანია GEO SKY COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად 20 000 ლარს გამოყოფს. როგორც ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, “თითოეული ჩვენთაგანი ვალდებულია ჩვენი ქმედებებით ხელი შეუწყოთ და შევასრულოთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციები და დავემორჩილოთ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებსა და მოთხოვნებს, რომელი გადაწყვეტილებებიც მიღებულია სრულიად საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ”.
“აღნიშნულიდან გამომდინარე, ავიაკომპანია ,,ჯეო სქაი“-სა და ავიაკომპანია ,,თი სი ეი“-ს მენეჯმენტმა 2020 წლის 13 მარტიდან განახორციელა ყველა შესაბამისი ღონისძიება ახალიკორონა ვირუსის (Covid-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, ასევე 2020 წლის 23 მარტს კომპანიის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, საქართველოში Covid-19-თან ბრძოლის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწია
სს ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს 20 000 ლარის ოდენობით.
ავიაკომპანია ,,ჯეო სქაი“ და ,,თი სი ეი“ მადლობას უხდის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, კერძო და სახელმწიფო საავადმყოფოების პერსონალს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც თავდაუზოგავი შრომით ზრუნავენ ჩვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, აქვე მადლობა გვინდა გადავუხადოთ ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებს გაწეული დახმარებებისათვის და იმ თითოეულ მოქალაქეს, რომლებიც თავიანთი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქართველოში შექმნილ ვითარებას.
სამშობლოზე და ერთმანეთზე ზრუნვა თითოეული ჩვენთაგანის ვალია!”. აცხადებენ ავიაკომპანიაში.