ავიაბიზნესი საქართველოს მთავრობის N 345-ე დადგენილებას აპროტესტებს და მიიჩნევს, რომ ის კონკრეტულ ავიაკომპანიაზე მორგებული გადაწყვეტილებაა. Myway Airlines-ში აცხადებენ, რომ “სტიმულირების პროგრამა”, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის ავიარეისებით მგზავრთგადაყვანის დასუბსიდირებას ითვალისწინებს, ევროკომისიის გადაწყვეტილების უგულვებელყოფაა, რომელიც საერთაშორისო ავიარეისებზე სუბსიდირებას კრძალავს.
Myway Airlines-ის კომერციული დირექტორი იგორ აფციაური მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ გამოცემული დადგენილება, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის ერევნის გავლით მგზავრთგადაყვანების დაფინანსებას ითვალისწინებს, შესაძლოა საქართველოს ძვირი დაუჯდეს.
„კარგია, რომ მთავრობა ფიქრობს ავიასანქციებიდან გამომდინარე, როგორ დაეხმაროს ტურიზმის, ტრანსპორტის სექტორებს და მათ შორის ავიაციას. სწორი მიმართულებაა, თუმცა როგორც ყოველთვის ხდება გადაწყვეტილებების მიღება ნაჩქარევად, გაუაზრებლად და ძალიან ბევრი დარღვევებით.ზოგადად ავიაციაში სუბსიდირება ევროკომისიისა და ევროკავშირის მიერ პირდაპირ იკრძალება. არ შეიძლება მოხდეს სუბსიდირება, ან მსგავსი ტიპის წახალისება ავიაკომპანიებისთვის საერთაშორისო ფრენებზე იმიტომ, რომ ეს პირდაპირ კონკრეტულ ავიაკომპანიას უპირატესობებს ანიჭებს და ქმნის ბაზარზე არაჯანსაღ კონკურენციას. იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილებას ევროკომისიის მიერ მკაცრი სანქციები არ მოჰყვება“, აცხადებს Myway Airlines-ის კომერციული დირექტორი.
თუ კი ევროკომისია ავიარეისების სუბსიდირებას კრძალავს, ჩნდება კითხვა, რატომ უშვებს ევრო სტრუქტურა საქართველოს ბიუჯეტიდან Wizz Air-ის მიერ მგზავრთგადაყვანის დაფინანსებას? თუმცა როგორც Myway Airlines-ის კომერციული დირექტორი აცხადებს, „Wizz Air-ის კეისი“ ისეა შედგენილი, რომ ევროკავშირში შეკითხვები არ აქვთ.
„Wizz Air-ის სუბსიდირება ცოტა სხვა მოდელით ხდება. იქ სხვაგვარი ხელშეკრულებაა და სულ სხვაგვარად დარეგულირდა. თუმცა, მე როგორც ვიცი, ევროკომისია ამ კონკრეტულ კეისსაც აკვირდება და თუ აქამდე მათი მხრიდან შენიშვნები არ ყოფილა, გამოდის, რომ Wizz Air-თან დაკავშირებული დაფინანსება რაღაც ჩარჩოებში ჯდება.
როდესაც, გუშინ, გამოქვეყნდა მთავრობის N 345 დადგენილება და ჩვენთვის, როგორც ბაზრის ერთ-ერთი მოთამაშისთვის არანაირი შეტყობინება არ ყოფილა გამოდის, რომ ყველაფერი მიზანმიმართულად კეთდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი ავიაკომპანიისთვის, რომელსაც არც გაყიდვები და არც ფრენები გაუჩერებია და რუსეთ-საქართველოს შორის ფრენებს ერევნის გავლით ახორციელებს.
საინტერესოა რატომ მაინცადამაინც ერევნის გავლით?
გვესმის, რომ ჩვენ არ ვართ ერევნის მიმართულებაზე დანიშნულები და ამ დანიშვნებს გარკვეული დრო სჭირდება, როგორც საქართველოს მხრიდან ისე სომხეთის მხრიდან.
თუმცა, ჩვენ უკვე მალე ვიქნებით დანიშნულები მინსკის მიმართულებაზე და გვინდა, რომ რაც შეიძლება მალე დავიწყოთ ფრენების განხორციელება და გამოვიყენოთ მინსკი როგორც ერთ-ერთი სატრანზიტო მიმართულება. დღეისათვის რუსეთ-საქართველოს შორის ერევნის შემდეგ ყველაზე მსხვილი ტრანზიტული მიმართულება სწორედ, რომ მინსკია. მაშინ ჩვენზეც მოახდინონ სუბსიდირება, ლოგიკურია არა? რატომ მაინცადამაინც ერევნის გავლით?
თუმცა რეალურად, ჩვენ სუბსიდირებას არც ვითხოვთ, რადგანაც ვიცით, რომ ევროკომისიის მიერ სუბსიდირება დაუშვებელია. ახლა ჩვენ, რომ გამოვიდეთ და ვთქვათ, რატომ არ კეთდება ჩვენი რეისების სუბსიდირებაო, ეს ჩვენი აზრით თავშივე არასწორი მიდგომაა. ევროკომისიის წესებით კი ფრენების სუბსიდირება მხოლოდ შიდა ავიარეისებზეა დაშვებული და ნებადართული. გააზრებულად ვიცით, რომ საერთაშორისო ფრენების სუბსიდირება დაუშვებელი და არც ვითხოვთ“, განმარტავს იგორ აფციაური.
Myway Airlines-ის კომერციული დირექტორის აზრით, მთავრობამ ავიარეისების და მგზავრთგადაყვანები კი არა ტუროპერატორების დასუბსიდირება უნდა მოახდინოს, რათა მათ შემდგომ ჩარტერული რეისები შეიძინონ და დააფინანსონ.
„საწყის ეტაპზე ძალიან გაგვიხარდა, რომ მთავრობის დონეზე დაიწყო პრობლემის მოგვარების გზების ძიება. საუბარი იყო ჩარტერული ფრენების დაფინანსებაზე მაგრამ დღემდე საქმე წინ არ იძვრის. ჩემი აზრით, ავიაკომპანიების ნაცვლად უნდა დაეხმარონ ადგილობრივ ტუროპერატორებს, რის საფუძველზეც შესაძლებელია სწრაფი ჩარტერების დანიშვნა. რათა დროულად მოხდეს მგზავრთნაკადის ჩანაცვლება, თორემ ავიაკომპანიის სუბსიდირება და ავიარეისების წახალისება აკრძალულია. დარწმუნებული ვარ, რომ ამ კეისსაც დააკვირდება ევროკომისია და საბოლოო ჯამში, შესაძლოა, ძალიან ძვირი დაგვიჯდება ქვეყანას“, განმარტავს Myway Airlines-ის კომერციული დირექტორი და მიიჩნევს, რომ თუ კი ქვეყნის ხელისუფლებას ავიარეისების დასუბსიდირება უნდოდა, მაშინ სასურველი იყო ან ტენდერი გამოაცხადებინა, ან ინტერესთა გამოხატვა და რეალურად გამარჯვებული, არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე მაინც იგივე ავიაკომპანია იქნებოდა, სანაცვლოდ კი საზოგადოებას და ბიზნესს გარკვეული კითხვები და ეჭვები აღარ გაუჩნდებოდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთიდან სატრანზიტო ფრენებს 600 ათას ევრომდე თანხით დაასუბსიდირებს.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, საუბარია რეისებზე რუსეთიდან ერევნის გავლით თბილისისა და ბათუმის მიმართულებით.
სტიმულირების პროგრამის ფარგლებში შესაბამის ხელშეკრულებას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ გააფორმებს. საუბარია თითო მგზავრზე არა უმეტეს 90 ევროს ანაზღაურებაზე (დღგ-ს გარეშე).
დადგენილებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რომელ ავიაკომპანიასთან იგეგმება ხელშეკრულების გაფორმება. თუმცა, ამ ეტაპზე რუსეთიდან ერევნის გავლით სატრანზიტო ფრენებს მხოლოდ „Georgian Airways“, სომხეთში პარტნიორი ავიაკომპანიის ხელშეწყობით ახორციელებს.